
ჩვილი, რომელმაც სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო, მშობლებმა საავადმყოფოს ნაცვლად, თავდაპირველად ეკლესიაში მიიყვანეს.
სავარაუდოდ, იმის გამო, რომ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაგვიანდა, ჩვილი დაიღუპა.
შემთხვევა გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს მოხდა. გზაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ერთერთ ავტომანქანაში საბავშვო სკამზე მოკალათებული, 2013 წლის ექტემბერში დაბადებული ჩვილი იმყოფებოდა, რომელიც შეჯახების შემდეგ სკამიდან გადმოვარდა და თავი კარებს შორის მდებარე საყრდენს დაარტყა.
როცა დაინახეს, რომ ბავშვი თავს ცუდად გრძნობდა, 48 წლის მამა და 42 წლის დედა არ დაელოდა უკვე გამოძახებული სასწრაფო დახმარების მოსვლას და გულზე მიხუტებული ჩვილით ნარვის პროსპექტზე მდებარე მონასტრისკენ გაემართნენ, იქ კი მონასტრის წინამძღვართან შეხვედრა მოითხოვეს, რათა მას ბავშვისთვის ელოცა და პირჯვარი გადაესახა.
რამდენიმე წუთში წინამძღვარი მათ მართლაც შეხვდა, თუმცა, ბავშვის ხელში აყვანის შემდეგ ეჭვი შეეპარა, რომ ის გარდაცვლილი იყო და სასწრაფოში დარეკა. ექიმებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ჩვილის გარდაცვალება დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ დროული სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვილის სიცოცხლე გადაერჩინათ.
სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მამა ალექსიმ, ამ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა: „ეს რწმენა კი არა, ხიბლია. როცა ადამიანი დაჭრილია, მას ჯერ ჭრილობა უნდა გადაუხვიო და მერე უნდა ილოცო მისთვის. რა თქმა უნდა, ბავშვი თავდაპირველად საავადმყოფოში უნდა მიეყვანათ და არა ეკლესიაში“.