
მოსკოვის მეტროს ერთერთ ვაგონში კავკასიელი მამაკაცის დაცხრილვა სათვალთვალო ვიდეოკამერამ გადაიღო.
იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელის სახე კადრებში კარგად ჩანს, ის ჯერ არ დაუკავებიათ. რაც შეეხება დაჭრილს, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს. ცნობილია, რომ მას პნევმატური პისტოლეტიდან ესროლეს: ერთხელ მუცელში, მეორედ კი - კისერთან დაჭრეს. დაზარალებული დაღესტნელი ხაშიმ ლატიპოვია.
მასზე თავდასხმის კადრები „ლაიფნიუსმა“ გაავრცელა. დაზარალებულმა ინტერვიუც მისცა და აღნიშნა, რომ არავითარი დაპირისპირებს მასა და შეიარაღებულ პირს შორის არ ყოფილა:
„მარტო ვმგზავრობდი, ფხიზელი ვიყავი. მისი მზერა დავიჭირე და თავდაპირველად თვალი ავარიდე. ცოტა ხნის შემდეგ შევხედე და ისევ სიძულვილით სავსე მზერით მიყურებდა. „რას მიყურებ?“, - ვკითხე და მივუახლოვდი, რის შემდეგაც იარაღი ამოიღო და მესროლა“, - ამბობს ის.
კადრში კარგად ჩანს, რომ მგზავრების თვალწინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ ორი მამაკაცი, რომელთაგან იარაღი შესახედაობით უფროსს ჰქონდა, მეტროს ვაგონს გაჩერებაზე ტოვებს. დანარჩენი მგზავრები სროლის შემდეგ, შეშინებულები ინაცვლებენ ვაგონის საპირისპირო მხარეს.