
თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე საჯარო სკოლებში უფროსკლასელები და კურსდამთავრებულები ე.წ. ,,ობშიაკს“ თანასკოლელებისაგან კრეფენ.
– ამის შესახებ „ამბები.ჯი“ წერს. რამდენიმე პრესტიჟული სკოლის დირექტორმა უმცროსკლასელების მშობლები გააფრთხილა, რომ შვილებს სკოლაში ფული არ გაატანონ.
როგორც სკოლის მოსწავლეები ჰყვებიან, ფულის შეგროვების მეთოდი ყველგან ერთნაირია. სკოლის ე.წ. ,,მაყურებელი“ ბიჭები, რომლებიც იმავე უბანში ცხოვრობენ და მაღალკლასელებთან მეგობრობენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისაგან და ისეთი ბიჭებისგან, რომლებიც არ ძველბიჭობენ, გარკვეულ თანხას ყოველდღე ითხოვენ.
თუ ბავშვს ფული არ აქვს, მას ტელეფონს, აიფონს ან აიპოდს სთხოვენ, გოგონებისგან კი ოქროს სამკაულის ან აპარატურის ლომბარდში ჩაბარებას ითხოვენ. "არიან "უბნის მეთვალყურე" "კაი ბიჭები", "ძველი ბიჭები". ერთი ბიჭია, ჩვენი სკოლა დაამთავრა და ის ართმევს ფულს ბავშვებს. ოღონდ შარს რომ ვერ მოსდებ.
მე-10, მე-11, მე-12 კლასელი ბიჭები ყავს დაძმაკაცებული. ისეთები, ვინც მეტნაკლებად აქტიურები არიან სკოლაში და იცნობენ ხალხს და მაკლერებივით ყავს. ამათ რომ ფული არ მისცენ, კლიენტებივით მიყავთ პოტენციური ფულის მიმცემი ბავშვები. იმას გაყავს ცალკე, ერთი ერთზე ელაპარაკება და მოკლედ ლაპარაკში თუ ჩაგიჭირაა, მერე უნდა გააკეთო - ან ფული მისცე ან აიფონი ან რამე.
რომ არ ძველბიჭობენ, ეგეთი ბიჭები მიყავთ ამ ტიპთან და ის ელაპარაკება. თან ისე, რომ ვერ იტყვი ვერაფერს, სულ ბოდიშებით და აი, იქნებ დაგვეხმარო და ასეთი ტექსტებით", - ამბობს მოსწავლე, ,,ამბები.ჯი“-სთან საუბრისას.