-
2014-02-05 16:10
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვაში განმარტავს, რომ მისი და ვანო მერაბიშვილის საქმეები საზოგადოებისთვის „მირთმეული სანახაობაა“.
ბაჩო ახალაია ამბობს, რომ ეს იმიტომ ხდება, რათა ხელისუფლებამ დაპირებების შეუსრულებლობა გადაფაროს: “იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა, საზოგადოებას მიართვეს სანახაობა, კერძოდ, ჩემი, მერაბიშვილის და სხვათა საქმეები და რაც დრო გადის ხედავთ, რომ ეს საქმეები იფშვნება. დარწმუნებული ვარ, მათ ეს სანახაობები სჭირდებათ. მე ვიცი და გიგი უგულავამაც თქვა, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე მიდის ზეწოლა.
არსებობენ მოსამართლეები, რომლებზეც ზეწოლის მოხდენა რთულია, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც თავად სურთ პროკურატურის ნაწილი გახდნენ, ამიტომ საფრთხილოა ახლა წარმოებული გამოძიებები. ჩვენ არ გვყავს ის საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც რეალურ ობიექტურობას დაადგენენ.
მათ არ აინტერესებთ რეალობის აღდგენა, მათ უნდათ ჩემი ციხეში ყოფნა. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი ჩაივლის და შერჩებათ. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ვარ, ბევრ ინფორმაციას ვფლობ. წელიწადზე მეტია, წინასწარ პატიმრობაში ვიმყოფები.
მე მგონი, ესეც უპრეცედენტოა. კარგად ვუვლი იმ დაწესებულებას, სადაც ვარ, რადგან გაივლის პერიოდი და ვინც ახლა სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებენ კანონის სრული დაცვით აღმოჩნდებიან იქ, სადაც ახლა მე ვზივარ“, - განაცხადა ახალაიამ.