დიმიტრი შაშკინი ეროვნული სასწავლო გეგმისა და მოსწავლეებზე მისი გავლენის შესახებ

Image

საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეროვნული სასწავლო გეგმის დეტალებზე საუბრობს და აღწერს, რა გავლენას ახდენს მოსწავლეზე მისი არასრული შესრულება. შაშკინი 12-წლიანი სწავლების აუცილებლობასა და რვა სავალდებულო საგნის მნიშვნელობაზეც საუბრობს და მოსაზრებებს სხვადასხვა მაგალითით ამყარებს.

 

"რაზეა დამოკიდებული ადამიანის წარმატება? ამაზე ხშირად კამათობენ და ეს საკითხი ყველას აწუხებს, რადგან ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია და წარმატებული გახდეს.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით სამი მოსაზრება არსებობს. სამივე აღიარებს, რომ წარმატება დამოკიდებულია განათლების პროცესში მიღებულ ცოდნაზე, განათლების ფორმაზე და პირად თვისებებზე. მაგრამ სამივე განსხვავდება ერთმანეთისგან იმით, თუ რომელ კომპონენტს რამდენი პროცენტი უკავია. პირველი მოსაზრების მიხედვით, ადამიანის წარმატებაში მიღებულ ცოდნას და განათლების ფორმას 80% და პირად თვისებებს 20% უკავია; მეორეს მიხედვით - 40% არის ცოდნა და ფორმა, 60% - პირადი თვისებები; მესამე კი ამტკიცებს, რომ ადამიანის წარმატებაში ცოდნის და ფორმის როლი არის 20% და 80% პირადი თვისებებისა.

 

მე, პირადად, ყოველთვის მესამე მოსაზრების მჯეროდა. სამი წელი განათლების მინისტრად მუშაობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. მთავარია, სწორად გვესმოდეს ამ მოსაზრების შინაარსი. არავინ ამბობს, რომ განათლების დროს მიღებული ცოდნა და განათლების ფორმა პირად თვისებებზე ნაკლებად ან უფრო მეტად მნიშვნელოვანია, აქ საუბარია ბევრად უფრო ფილოსოფიურ თემებზე: რას გვაძლევს განათლება, რისთვის სწავლობს ადამიანი და იმისთვის, რომ წარმატებული იყო საკმარისია გქონდეს დიდი ცოდნა და პრესტიჟული სკოლის ან უნივერსიტეტის დიპლომი?

 

სკოლაში სწავლისას ხშირად ვკამათობდით იმაზე, თუ რად გვინდოდა ფიზიკა ან ქიმია. ხომ გახსოვთ ფრაზა: მენდელეევის ტაბულა ცხოვრებაში რაში დამჭირდება? და ახლაც, როცა 39 წლის ვარ და ჩემი შვილი მეკითხება, სკოლის დასრულების შემდეგ, პრაქტიკაში რამდენჯერ გამოვიყენე აინშტაინის კანონები ან მენდელეევის ტაბულა, რა თქმა უნდა, პასუხია - ძალიან იშვიათად. მაგრამ სწორედ აქ არის განათლების არსის მთავარი და უმნიშვნელოვანესი ასპექტი.

 

ეს ასპექტი, სამწუხაროდ, ბევრ მშობელს ავიწყდება. ბავშვებზე ზედმეტია ლაპარაკი. ეს ასპექტი არის ის, რომ განათლება ჩვენში ავითარებს პირად თვისებებს. განათლება არ არის X ინფორმაცია, რომელიც ისე, როგორც კომპიუტერში, თავში უნდა ჩატვირთო და წარმატებული გახდები. სასკოლო განათლება ეფუძნება 8 საბაზისო საგანს: მშობლიური ენა, უცხო ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია.

 

თითოეული ეს საგანი ჩვენში უმნიშვნელოვანეს თვისებებს ავითარებს. მაგალითად, მათემატიკა, ქიმია და ფიზიკა განსაკუთრებულად ავითარებს ბავშვში კრიტიკულ აზროვნებას, რაც მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში, საუკუნეში სადაც ადამიანის წინაშე მდგომი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კრიტიკული აზროვნების კუთხით ინფორმაციის გადამუშავებაა.

 

საქართველოში ცოტა ადმიანმა იცის, რომ Wall Street-ზე მომუშავე წარმატებულ ბიზნესმენთა შორის, პირველ ადგილზე ისინი არიან, ვისაც მათემატიკური განათლება აქვთ და მეორეზე - ფიზიკოსები. ამ დროს, ბევრ მშობელს ჰგონია, რომ პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი ეკონომიკაში ან ბიზნესში მის შვილს ავტომატურად საუკეთესო მომავალს შეუქმნის. ხშირად მშობლები სტერეოტიპების მძევლები ხდებიან. საქართველოში კი უმრავლეს შემთხვევაში ზუსტად მშობლები წყვეტენ თუ სად ჩააბარებს ბავშვი და რა პროფესიას აირჩევს.

 

ხშირად მცდარი სტერეოტიპების შექმნას ქართული უნივერსიტეტებიც ხელს უწყობენ. მე, მაგალითად, მომიწია იურიდიული ფაკულტეტის დახურვა აგრარულ უნივერსიტეტში და 100-მდე იურიდიულ-ეკონომიკური ფსევდო სასწავლებლების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება. ბავშვი არ უნდა იღებდეს განათლებას ლამაზი ქაღალდისთვის ან იმისთვის, რომ მისმა მშობლებმა მეზობლებთან იტრაბახონ, რომ მათ შვილი პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს.

 

მაგალითად, დღესაც, მცდარი სტერეოტიპების გამო, საქართველო ყოველწლიურად უშვებს შრომის ბაზართან შედარებით 1200 ზედმეტ ექიმს, რომელთაც თეორიულადაც არ აქვთ შანსი, რომ საქართველოში დასაქმდნენ ეკონომიკური მაჩვენებლების და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე.

 

როდესაც ამბობენ, რომ ადამიანის წარმატების 80% დამოკიდებულია მის პირად თვისებებზე, ეს ნიშნავს, რომ განათლებამ, რომელიც მან მიიღო (როგორც სასკოლო და საუნივერსიტეტო, ასევე თვითგანათლება), მასში განავითარა თვისებები, რომელიც მას საშუალებას აძლევს წარმატებული ადამიანი იყოს.

 

სწორედ ამიტომ, მე, განათლების მინისტრობისას, ვიყავი სასტიკი წინააღმდეგი, რომ ბავშვებს მასიურად ექსტერნით დაემთავრებინათ სკოლა 2-3 წლით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც მინისტრს, გამონაკლისის დაშვების უფლება მქონდა, ეს გამონაკლისი მხოლოდ 2-ჯერ დავუშვი. ერთი იყო ძალიან ნიჭიერი ბავშვი და მეორე - მძიმედ ავადმყოფი.

 

მთელ მსოფლიოში საშუალო განათლება 12 წლიანია, იმის გამო, რომ ზუსტად დათვლილია ის დრო, რაც სჭირდება სკოლას, რომ ბავშვებში საჭირო უნარები ჩასახოს. რვავე სავალდებულო საგანი მნიშვნელოვანია, რვავე საგანი ავითარებს ბავშვებში სხვადასხვა უნარებს ლოგიკიდან დაწყებული კრიტიკული აზროვნებით დამთავრებული. შესაძლოა, ბევრი მშობელი არ დამეთანხმოს და ჩათვალოს, რომ რადგან თვითონ სწავლობდა 10 წელი, მისმა შვილმაც შეიძლება დაძლიოს პროგრამა 10 წელიწადში.

 

მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ის გამოწვევები, რომლებიც ახლა დგას ბავშვების წინაშე, აბსოლუტურად სხვაა, ვიდრე მათი მშობლების წინაშე იყო. მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ჩვენი შვილების კონკურენტები არიან ჩინელი, ინდოელი, ამერიკელი და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები. ქართული ეროვნული სასწავლო გეგმა, იუნესკოს მონაცემებით, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მაგრამ ამ გეგმის არასრული შესრულება, მიღებული ცოდნის გაუფასურებას და სათანადო უნარების შეუძენლობას იწვევს.

 

ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის წინაშე დიდი გამოწვევა დგას, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება. ერთხელ გია მურღულიამ (სკოლის დირექტორი) მითხრა: ყველაზე მეტად და ხშირად ბავშვების განათლების პროცესში მე ხელს მშობლები მიშლიან. სამწუხაროდ, ეს ასეა. კიდევ ბევრ მშობელს ჰგონია, რომ საბუთი, დიპლომი, ატესტატი თუ სერთიფიკატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად.

 

არა! საბუთომანია იყო საბჭოთა კავშირის პრეროგატივა და ბევრი ადამიანი ახლაც ძველი სტანდარტებით ზომავს. ასეთი სტერეოტიპები მალე არ იცვლება და არ ინგრევა, მითუმეტეს საქართველოში. საერთოდ, ჩვენთან მენტალური ცვლილება უფრო ნელია, ვიდრე, მაგალითად, ამერიკაში და ამას მარტივი ახსნა აქვს. თუმცა ჯერ მაგალითს მოგიყვებით: რამდენიმე მინისტრი ვხვდებოდით სკოლის წარჩინებულ, საუკეთესო მოსწავლეებს. თითქმის ყველა შეხვედრაზე ჩვენ ერთი და იგივე კითხვას გვისვამდნენ: თუ ეკონომიკა წინ მიდის და სახელმწიფოს ფული აქვს, მთავრობა რატომ არ აშენებს ქარხნებს, რომ ხალხი დაასაქმოს?

 

ამ კომუნისტურმა, უტოპიურმა შეკითხვამ ჯერ გაგვაკვირვა, რადგან ბავშვში არ შეიძლება დაიბადოს ასეთი მემარცხენე, კომუნისტური იდეები, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ სტატისტიკურად, უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოში ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს სამი თაობა - ბებია-ბაბუა, დედ-მამა, შვილები.

 

მაგალითად, ამერიკაში სულ სხვა სტატისტიკაა - იქ აბსოლუტურ უმრავლესობაში ცალკე ცხოვრობს ერთი თაობა ან ორი თაობა 18 წლის განმავლობაში, ანუ როგორც კი ბავშვები 18 წლის ხდებიან, ცალკე მიდიან საცხოვრებლად. რისი თქმა მინდა: ბებიებს და ბაბუებს დიდი გავლენა აქვთ შვილიშვილებზე მენტალური ცვლილებების შეჩერების კუთხით. ჩვენს შემთხვევაში შეკითხვა ქარხნებზე იყო არა ბავშვის ნააზრევი, არამედ ის თუ რას ეუბნებოდნენ სახლში.

 

რადგან შევეხე მენტალურ ცვლილებებს აუცილებლად მინდა გაგიზიაროთ ჩემი საუბარი მსოფილიოში ერთ-ერთ წარმატებულ ფსიქოლოგთან, რომელიც 2006 წელს ამერიკაში შედგა. ჩვენ ვსაუბრობდით პოსტ-საბჭოურ ქვეყნებზე და ნოსტალგიაზე, რომელიც ასაკოვან ხალხს აქვთ ძველ დროზე. მან მითხრა, რომ ეს არ არის ნოსტალგია წყობაზე ან ეკონომიკურ სიტუაციაზე, ეს არის ნოსტალგია მათ ახალგაზრდობაზე...

 

ახლა დავუბრუნდეთ დასაწყისში დასმულ შეკითხვას, თუ რაზეა დამოკიდებული ადამიანის წარმატება. მე ზემოთ ვცადე მოკლედ ამეხსნა თუ რატომ მჯერა მესამე მოსაზრების. ამაზე საუბარი შეიძლება საათების და დღეების განმავლობაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, თუ ადამიანს არ აქვს შრომის უნარი, არ ან ვერ იღებს რთულ გადაწყვეტილებებს, არ აქვს ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება, როგორი პრესტიჟული განათლებაც არ უნდა მიიღოს, ის ვერ იქნება წარმატებული.

 

ეს თვისებები ვითარდება, როცა ბავშვი სწავლობს სკოლაში, უნივერსიტეტში და ვითარდება არა საგნის დაზეპირებით ან საფეხურებზე გადახტომით, არამედ ვითარდება იმ ინფორმაციის გაანალიზებით და გააზრებით, რომელიც მოდის მშობლიურ და უცხო ენასთან, მათემატიკასთან, ფიზიკასა და ქიმიასთან, ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასა და ისტორიასთან ერთად, ასევე ვითარდება თვითგანათლების მიღებით", - წერს დიმიტრი შაშკინი "ფეისბუქზე".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !