-
2014-07-13 09:44
ნაწყვეტი თამაზ კვაჭანტირაძის საჯარო ლექციებიდან. გადაცემა "მოგზაურობა სასიტყვეთში", ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
"ჩვენ გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა თავისუფლების წინაშე - პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მოგახსენებთ. ბევრს ჰგონია, რომ თავისუფლება მას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
სხვათა შორის, მონობასაც აქვს თავისი ხიბლი: ერთ ესპანურ ფილმს გაგახსენებთ, სადაც ინტელიგენტი, მოაზროვნე კაცი ნებაყოფლობით, მონად უდგება ბიზნესმენს. მისი მოტივაცია შემდეგია: ,,დღეიდან შენ მოგიწევს ჩემზე ზრუნვა, პასუხისმგებლობას ჩემს ყველა მოქმედებაზე, ყველა ჩემს ნაბიჯზე შენ, ჩემი მფლობელი, აიღებ!’’.
აი, თურმე რა ყოფილა: პასუხისმგებლობის შიში. არადა, ჭეშმარიტი თავისუფლება არის სწორედ განცდა პასუხისმგებლობისა. აი, ხომ ამბობენ ხოლმე ,,გიჟი თავისუფალია’’. მე რომ მკითხო, გიჟი ყველაზე ნაკლებადაა თავისუფალი, იმიტომ, რომ გიჟი არაფერზე პასუხს არ აგებს.
არის ათასი გამოთქმა: ,,სილამაზე გადაგვარჩენს’’; ,,ხელოვნება გადაგვარჩენს’’; ,,მშვენიერება გადაგვარჩენს’’, მაგრამ ჩემი აზრით, მშვენიერებაზე ადრეც კი, პასუხისმგებლობა გადაარჩენს საქართველოს. ანუ, თავისუფლება გადაგვარჩენს, ოღონდ, ერთი პირობით: გადარჩენა თუ ძალიან არ გინდა, მაშინ ვერც გადარჩები!’’.