-
2014-06-05 08:12
6 მაისს ვენაში სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ნიუსი „იტარ-ტასმა“ გაავრცელა. მისი შინაარსიდან სათაურშიც და ლიდშიც გამოირჩა ფრაზები, სადაც სერგეი ლავროვი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ჩაურევლობაზე საუბრობდა.
რასაკვირველია, ლავროვის ამ პოზიციაზე, როგორც რუსეთის მხრიდან პროცესში არჩარევის გარანტზე, გამახვილდა ყურადღება ქართულ მედიაში. ლავროვის სიტყვები გაიმეორეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც იმის დასტურად, რომ რუსეთისგან საფრთხე მოსალოდნელი არ არის. სავარაუდოდ, სწორედ ლავროვის პოზიციას გულისხმობდა საქართველოს პრემიერმინისტრიც 4 ივნისის პრესკონფერენციაზე, როცა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში ჩაურევლობის შესახებ.
ამავე დროს, არანაკლებ საინტერესოა ის მინიშნებები, რაც პირველმა რუსმა დიპლომატმა სწორედ 6 მაისს გააკეთა. გადავხედოთ ციტატას:
„ჩემი რჩევა იქნება, დაინტერსდით, რას აპირებენ ევროკავშირი და აშშ, აქვთ თუ არა მათ რაიმე სახით გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუკი საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს იმას, რასაც ისინი მოელიან. არ მინდა, არათავაზიანი განცხადება გავაკეთო, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით (გულისხმობს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, - ლ.ბ.) შეკითხვის ადრესატები სწორედ ისინი არიან. ჩვენ არ ვართ დაკავებული „ფერადი“ რევოლუციების მოწყობით, მით უმეტეს, ყავისფერი შეფერილობით, როგორც ეს უკრაინაში მოხდა.
ევროკავშირის რეაქცია უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურ გადაწყვეტილებაზე, გადაედო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა ისტერიკასთან ახლოს იყო. უცებ დაუჭირეს მხარი სახალხო პროტესტს, რომელიც რადიკალების მიერ იყო ორგანიზებული. შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეების სიხლი დაიღვარა.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ ჰქონდათ ევროკავშირსა და მის მხარდამჭერ აშშ-ს ასეთი შეუსაბამო რეაქცია, თუკი ეს არ იყო სურვილი, ერთხელ და სამუდამოდ მოეწყვიტათ უკრაინა რუსეთისგან და ეიძულებინათ იგი, ხელოვნური არჩევანი გაეკეთებინა დასავლეთსა და რუსეთს შორის? რა გამოვიდა აქედან, ალბათ, თვალყურს ადევნებთ...“
სერგეი ლავროვმა ამავე განცხადებაში გამოთქვა იმედი, რომ ქართველ კოლეგებთან კონტაქტი დაეხმარება ორივე მხარეს, ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებული ახალი რეალობა გაითვალსწინოს:
„ჩვენ გვსურს, რომ საქართველო სტაბილური სახელმწიფო იყოს და იქ ხალხი კარგად ცხოვრობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ჩვენ განვიხილავთ საქართველოს სიტუაციის კონტექსტში. ისინი ჩვენი მეზობლები არიან“.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კონტაქტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენსა და ქართველ კოლეგებს შორის, დაგვეხმარება, რათა მშვიდად და ჯანსაღად შევხვდეთ ახალ რეალობას“, - დაამატა სერგეი ლავროვმა.
ლაშა ბერულავა