-
2014-02-07 17:35
სოციალურ ქსელში ვრცელდება სახუმარო ვიდეორგოლი იმის შესახებ, რომ დაახლოებით 15 წლის შემდეგ სვანეთის მთები იქნება ერთადერთი ადგილი დედამიწის ზურგზე, რომელიც წყლით არ დაიფარება მას შემდეგ, რაც გოლფსტრიმის დინება მიმართულებას შეიცვლის და დედამიწაზე წყლის დონე აიწევს.
ვიდეო, რომელიც TV11-ის ლოგოთი ვრცელდება, სკანდალურ, წინასწარ ვირუსული გავრცელებისთვის გამიზნულ, ცხადია, არასწორ ინფორმაციას შეიცავს, რომლის მიხედვითაც ბირთვული სახელმწიფოების მეთაურთა შეკრებაზე ვაშინგტონში სააკაშვილი იმიტომ იყო მიწვეული, რომ მისთვის სწორედ სვანეთის მთების შესახებ უნდა შეეტყობინებათ, ხოლო ჯორჯ ბუშის თვითმფრინავმა, საქართველოში ვიზიტის დროს რამდენჯერმე შემოუფრინა სვანეთის მთებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაეშვა თბილისის აეროპორტში.
სახუმარო ვიდეორგოლის მიხედვით, სვანეთის მთები აშშ–ის №1 ინტერესის ობიექტია და იქ დაწყებულია საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობა, რომელთა დასრულება უნდა მოესწროს კატასტროფამდე.
მოყვანილია სვანეთის რეგიონის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების რაოდენობაც, რომელმაც მხოლოდ 2011 წელს, ამ მონაცემებით, 10 მილიონი შეადგინა.
ვიდეორგოლი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ როგორც კი შეამჩნევენ უცხოელს სვანეთში, შეეცადონ, შეგვიდნენ მასთან კონტაქტში, დაპატიჟონ სახლში, გაიგონ ვინაობა, გადაუღონ ფოტო და გააკეთონ ჩანაწერები, შემდეგ კი ყველაფერი მიიტანონ პოლიციის უახლეს განყოფილებაში. შეგახსენებთ, რომ ვიდეორგოლი, რომელიც TV11-ის ლოგოთი ვრცელდება, უბრალოდ, ხუმრობაა.
„ჩვენი ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის!“, – ამ სლოგანით მთავრდება ვირუსული ვიდეორგოლი.