
საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013) მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინის ახალი სახელმწიფო აპარატი არ დაკომპლექტდება ახალი თაობის წარმომადგენლებით, ქვეყანას არ ექნება უკეთესი მომავლის შანსი.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ინტერის“ ეთერში ლოს-ანჟელესიდან ჩართვის დროს განაცხადა.
„უკრაინა უნდა ენდოს ახალ თაობას. გვერდით დატოვეთ ძველი აპარატი, საჭიროა ახალი თაობა - 25-30 წლის ახალგაზრდები, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში. უნდა მიეცეთ ახალგაზრდებს შანსი, ააშენონ ახალი სახელმწიფო. ეს ან ასე იქნება, ან უკრაინას არ ექნება მომავალი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილს მიაჩნია, რომ ახლა უკრაინას ბოლო შანსი აქვს:
„თქვენ ალტერნატივა არ გაქვთ. ევრაზიული კავშირი - საცოდავი სანახაობაა. როგორც კი უკრაინა სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტს შექმნის, პუტინი ვერასდროს ვერაფერს მიიღებს ამ ქვეყნისგან“, - განაცხადა მან.