-
2014-05-27 23:33
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნიკნეიმით „თავისუფალი ზუგდიდი“ ცნობილი პირი, რომელიც 2012 წლიდან აქტიურად უჭერდა მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და ცალკეულ პირებთან ქსელში დებატობდა, ვინაობას ასახელებს და აცხადებს, რომ საკუთარ პოლიტიკურ არჩევანში შეცდა.
„თავისუფალი ზუგდიდი“, ანუ მერაბ როდონია აცხადებს, რომ ორი საათის წინ თავად გახდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თავაშვებულობის მოწმე სამეგრელოში, რის შემდეგაც დაასკვნა:
„უდიდესი შეცდომა დავუშვი, როცა მეგონა, რომ სამართლიანობას ვემსახურებოდი! თურმე უსამართლობის არანაკლებ საშინელი ფორმის დაკანონენას ვუწყობდი ხელს!
მაპატიეთ!
მაპატიეთ, რომ მე, მერაბ როდონაია ჩემი უგუნურებით და გამოუცდელობით ვერ მივხვდი, საით მიგვაქანებდა ნაცებისგან გატყორცნილი ოცნება!..“
მერაბ როდონაია მოხდარ ფაქტს შემდეგნაირად აღწერს:
„ორიოდე საათის წინ ვესწრებოდი "ქართული ოცნების" ზუგდიდელი ლიდერების შეხვედრას მოსახლეობასთან, სოფელ რუხში. ვამზადებდი ჩემს პირველ სიუჟეტს "ახალი მედიის ასოციაციისთვის".
"ოცნების" აქტივისტებმა საკუთარი ლიდერების და ადგილობრივი მოქალაქეების თვალწინ ამიტაცეს ხელში და გამაქანეს ოციოდე მეტრის მოშორებით მდგარი მანქანისკენ. "ბაგაჟნიკში" ჩასმით მემუქრებოდნენ.
ვუთხარი, გამაგებინეთ რა დავაშავე და თვითონ ჩავჯდები "ბაგაჟნიკში"-მეთქი. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მოვახერხე მოქალაქეებთან დაბრუნება და ვთხოვე შეკრებილებს აეხსნათ, რა დავაშავე, რომ ასე მომექცნენ. ყველამ ხმა ჩაიგდო!!!
ამან "ოცნების" აქტივისტები კიდევ უფრო გაათამამა და მუქარებმაც უფრო მძიმე ფორმები მიიღო. საცემადაც გამოიწიეს, მაგრამ ეტყობა მაინც ვერ გაბედეს.
დაპირისპირება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მარტო ვიყავი გააფთრებული აქტივისტების პირისპირ. ერთადერთი ადგილობრივი ახალგაზრდა ჩაერია მხოლოდ, მაგრამ ისიც უმალ განარიდეს იქაურობას.
ახლა გეკითხებით მე თქვენ, ზუგდიდელებს და არაზუგდიდელებს, ხვალ ეს ხალხი რომ დაიმკვიდრებს ძალაუფლებას, თქვენ რას გიზამენ? თუ ისევე ჩუმად დადექით, როგორც რუხელები იდგნენ, მაშინ რა მოგელით?..“, - წერს მერაბ როდონაია „ფეისბუქში“.