
ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი აცხადებს, რომ კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხელავა მის მკვლელობას უკვეთავდა, ამასთან, მისი თქმით, დიმიტრი დარბაისელი ირაკლი ფირცხალავას "შვილობილია", ვისი მეშვეობითაც ძველი გარემოცვა ციხეებს აკონტროლებს.
მეტრეველის თქმით, საქმე ეხება პატიმარ ლაშა შავიძეს, რომელსაც მისი მკვლელობა შეუკვეთეს.
"ლაშა შავიძე რამდენიმე თვის წინ დამიკავშირდა და მომიყვა, რომ 2008 წელს, მას ჩემი ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული. ეს ბიჭი ფლობს ძალიან საინტერესო ინფორმაციებს და მტკიცებულებებს. ის, ასევე ფლობს ინფორმაციას იური ვაზაგაშვილზეც - თუ როგორ ავალებდნენ, რომ ბატონ იურიზე და მის შვილზე მოეპოვებინა კომპრომატები, რისთვისაც მას ჰპირდებოდნენ ხელშეუხებლობას, ნარკოტიკებით უზრუნველყოფას (ვინაიდან ის წამალზე დამოკიდებული იყო).
შავიძე რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა. მითხრა, რომ მასზე ზეწოლა მიმდინარეობს და ცდილობენ დააშინონ, რაც ირაკლი ფირცხალავასგან მომდინარეობს. როგორც გაირკვა დარბაისელი - ფირცხალავას "შვილობილია". ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ციხეებს დარბაისელი და მისი გარემოცვა აკონტროლებს", - აცხდებს მეტრეველი.
ია მეტრეველის დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ სასჯელაღსრულების სამინისტრომ მის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
"20 მაისს, ქალბატონმა ია მეტრეველმა გაავრცელა ინფორმაცია მსჯავრდებულ ლაშა შავიძის შესახებ, რომელსაც, თითქოს, 2008 წელს ნარკოტიკების სანაცვლოდ დაუკვეთეს მისი მკვლელობა, ხოლო ამჟამად პატიმარი ზეწოლის ქვეშაა, რადგან აღნიშნულის შესახებ ია მეტრეველს შეატყობინა.
ქალბატონი ია მეტრეველი გუშინ, 19 მაისს შეხვდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრის დავალებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღესვე დაიწყო ია მეტრეველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურებრივი შემოწმება."