
ფაქტობრივად, რუსეთი გარკვეულ წინასაომარ მდგომარეობაში შევიდა თურქების მიერ რუსული საფრონტო ბომბდამშენის Су-24М ჩამოგდების შემდეგ. ამის შესახებ დაწერა "Эхо Москвы"-ს ბლოგზე რუსმა სამხედრო ექსპერტმა - პაველ ფელგენგაუერმა.
„თურქული საზღვაო ფლოტი ხარისხობრივად და რიცხვობრივადაც ბევრად აღემატება რუსულ დაჯგუფებას. მასშტაბური რეგიონული კონფლიქტის შემთხვევაში, თურქები შეძლებენ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ რუსეთის ფედერაციის ძალებს“, - მიიჩნევს რუსი სამხედრო ექსპერტი.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ თურქომანები, რომელთაც რუსული თვითმფრინავებიდან ბომბავდნენ, თურქული სამხედრო კასტის მიერ თურქებად აღიქმებიან. ამიტომაც თურქეთის შეიარაღებული ძალები უდავოდ ვალდებულად თვლიაინ თავს დაიცვან ისინი გარე საფრთხეებისა და თავდასხმებისაგან.
სირიის სამოქალაქო ომის მსვლელობისას, თურქომანებმა, თურქეთის მხარდაჭერით, გაწმინდეს ლატაკიის ჩრდილოეთი მთიანი ნაწილი ბაშარ ასადის რეჟიმის ხელისუფლებისგან. ახლა ასადის ძალები, რუსული ავიაციის, „ჰესბოლას“ და ალავიტელი ბოევიკების საშუალებით, ცდილობენ გაანადგურონ თურქომანული წინააღმდეგობის ძირითადი ძალები.
„ანკარის ინფორმირებული წყაროების თანახმად, პრეზიდენტი ერდოღანი ზაფხულიდან მოყოლებული ითხოვდა, რომ თურქული არმია გადასულიყო საზღვარზე და ჩრდილოეთ სირიაში შეექმნა გარკვეული ბუფერული ზონა, მაგრამ თურქეთის გენერალური შტაბი არ დაეთანხმა.
ჯერ კიდევ ზაფხულში ოპოზიცია და თურქომანული წინააღმდეგობა წარმატებით უტევდა და აფართოებდა კონტროლის ზონას ლატაკიის მხარისკენ. დღეისათვის, ასადის ძალების იერიშების და რუსული ბომბების მიუხედავად, ფრონტის ხაზი ჩრდილო ლატაკიასთან ჯერჯერობით, ძირითადად, შენარჩუნებულია, მაგრამ უკვე ბზარები გაუჩნდა, ზოგიერთი მნიშვნელოვანი პოზიცია კი დაიკარგა კიდევაც.
თუ ფრონტი ჩამოიშლება, ასადის სამთავრობო ძალები პირდაპირ პროვინციის დედაქალაქის-იდლიბისკენ მიმავალ გზაზე აღმოჩნდებიან. ამას კი მრავალათასიანი ადგილობრივი თურქომანი მოსახლეობის თურქეთში თავის შესაფარებლად გაქცევა მოყვება“.
ექსპერტმა აღნიშნა: „ერდოღანის მმართველი პარტიისთვის, თურქეთის საზოგადოებისა და სამხედროებისთვის, სრულიად მიუღებელია თურქეთის საზღვართან დასახლებული ეთნიკური თურქების მასიური განდევნა.
ფაქტობრივად, რუსეთი გარკვეულ წინასაომარ მდგომარეობაში შევიდა: ანკარასთან დიპლომატიური კავშირები გაუქმებულია, საბაჟომ შეწყვიტა ნებისმიერი თურქული საქონლის გაფორმება, პუტინმა კი თურქეთში მყოფი რუსი ტურისტები გააფრთხილა, რომ „ისინი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ“ - განაცხადა ფელგენგაუერმა.
სამხედრო ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში ახდენენ უახლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის განშლას, სარაკეტო კრეისერ "Москва" С-300Ф ("Форт") ტიპის რაკეტებით ლატაკიასთან რეიდზე დააყენეს და დაიმუქრნენ თურქული გამანადგურებლების პრევენციულად ჩამოგდების შესახებ.
მან ასევე დაამატა, რომ ლატაკიაში, სირიული ოპოზიციის წინა პოზიციებიდან 45 კმ-შია რუსული სამხედრო-საავიაციო ბაზა "Хмеймим". აქვეა ასადის საგვარეულო ბუდეც. ამიტომაც რუსები ცდილობენ ჩრდილოეთ ლატაკია გაასუფთაონ, თურქეთის მთავრობას კი მეტი უკან დასახევი ადგილიც აღრ აქვს.
„ჩვენ „Хмеймим“-ს ბაზაზე გამანადგურებლების მხოლოდ ორი ჯგუფი გვყავს - (Су-30СМ და Су-27СМ3), თითოეულში 4-4 აპარატით. როდესაც გაქვს მხოლოდ ერთი შესაბამისად აღჭურვილი ბაზა, რთულია, გადაისროლო მნიშვნელოვანი დამატებითი ძალები, ამასთანავე ძალიან სახიფათოა, ერთ დაუცველ წერტილში გქონდეს ძალთა მნიშვნელოვანი კონცენტრაცია. თურქებს კი: 179 ცალი F–16C (ერთადგილიანი საფრენი აპარატი) და 57 ერთეული F-16D (ორადგილიანი) აქვთ, თანაც ორივე ტიპი მნიშვნელოვნად მოდიფიცირებულია. - დაამატა მან.
ექსპერტის თქმით, თურქული საზღვაო ფლოტი ხარისხობრივად და რიცხვობრივადაც ბევრად აღემატება რუსულ დაჯგუფებას ხმელთაშუა და შავი ზღვის აკვატორიებში.
„მასშტაბური რეგიონული კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის არსებულ ძალებთან გასამკლავებლად თურქებს არც კი დასჭირდებათ აშშ-ს და მით უმეტეს ნატოს დახმარება. თავადაც გაართმევენ თავს, დანაკარგებით, მაგრამ მაინც. С-400 "Триумф", რა თქმა უნდა, მძლავრი და თანამედროვე სისტემაა, მაგრამ მას სჭირდება სტრატეგიული სიღრმე, ახლა კი ის ფრონტისპირად განალაგეს და თანაც მნიშვნელოვანი სახმელეთო მხარდაჭერის გარეშე.
თუ თურქული ტანკები სირიაში შევლენ და ოპოზიციის მხარდაჭერით შეუტევენ, ორ საათში ბაზა "Хмеймим"-თან იქნებიან და რუსული C-400 სისტემა თურქების ნადავლი აღმოჩნდება. დარწმუნებულია ექსპერტი.
სამხედრო ექსპერტმა დაამატა, რომ მიუხედავად რუსეთის ბირთვული სიძლიერისა, თურქებს რუსეთის ფედერაციასთან ომის შემთხვევისათვის სირიის საზრვართან ახლოს, ბაზა ინჯერლიკზე დასაწყობებული აქვთ ორმოციდან სამოცდაათამდე ბირთვული ბომბი - B1, რომელთა გამოყენებისთვის საჭირო გასაღებსაც აშშ-სთან ერთობლივად ფლობენ.
„იქნებ ცოტა დავამუხრუჭოთ, ნუ მივიყვანთ საქმეს სრულ საშინელებამდე. გადავიზნიქოთ, ამოვიძროთ თურქული დანა ზურგიდან და შევეცადოთ როგორმე მოვილაპარაკოთ, მაგალითად თურქომანებს მაინც სრულად ნუღარ გავანადგურებთ?“, - დაასკვნა მან.
შეგახსენებთ, სამხედრო დაპირისპირება სირიაში გრძელდება 2011 წლიდან. ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებენ: სამთავრობო ძალები, ოპოზიციონერები, რადიკალური ისლამისტები, ქურთები და სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები.
2014 წლის სექტემბერში, საერთაშორისო კოალიციამ, აშშ-ს მეთაურობით დაიწყო სამხედრო ოპერაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების ( რომლებიც სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ) წინააღმდეგ.
2015 წლის 30 სექტემბერს სირიის პრეზიდენტ - ბაშარ ასადის თხოვნით, კონფლიქტს შეუერთდა რუსეთის ფედერაცია. ამასთანავე, დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს ადანაშაულებდნენ, რომ რუსული ავიაცია საჰაერო დარტყმებს ანხორციელებენ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე და არა ტერორისტებზე.
საერთაშორისო კოალიციის მინაწილეები ასევე მოითხოვენ ასადის გადადგომას. მას კი მხარს უჭერს მხოლოდ ირანი, რუსეთი და ზოგიერთი შიიტური დაჯგუფება, კერძოდ „ჰესბოლა“. ეს უკანასკნელი კი დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
შეგახსენებთ, პავლე ფელგენგაუერმა 2008 წლის ივნისში ივარაუდა, რომ აგვისტოში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს დაიწყებდა. ერთადერთი, რაშიც მისი პროგნოზი არ გამართლდა, რეგიონის დასახელება იყო. ფელგენგაუერი ვარაუდობდა, რომ ომი კოდორის ხეობიდან დაიწყებოდა.
სპეციალურად "აფხაზეთის ხმისა" და informnapalm.org-ისთვის მოამზადა თეიმურაზ ხუნდაძემ