-
2015-09-16 08:55
GHN-ის ჟურნალისტი მიხეილ გეწაძე წერს, რომ რყევები, რომლებიც ქართულ მედიასივრცეში შეინიშნება, მხოლოდ გარეგნულად უკავშირდება არჩევნებს და სინამდვილეში, მას კრემლის ინტერესებთან მივყავართ.
სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ "რაშა თუდეი" რუსული ინტერესების გასატარებლად და გასაძლიერებლად საკმარისი აღარ არის და ახლა არენაზე ჩნდებიან ე.წ. დამოუკიდებელი მოთამაშეები, ახალი კაპიტალდაბანდებებით ახალ თუ ძველ, მოულოდნელად გამდიდრებულ საინფორმაციო სააგენტოებსა და სატელევიზიო სტუდიებში:
«დამოუკიდებელი აგენტების» მომრავლება ბაზარზე ამ სფეროში რუსულ ინტერესთა გაძლიერების პირველი ინდიკატორია. თუმცა, რასაკვირველია, არც უშუალო ინვესტირებაზე იტყვის უარს.
ისე, განა ლოგიკური არ არის კითხვა: თუკი პატარკაციშვილებმა «ბორჯომი» მიჰყიდეს კრემლის მიერ მთლიანად კონტროლირებად რუსულ კაპიტალს (ფირტაშს), «ტელე–იმედს» ვითომ რატომ არ მიჰყიდიან რამე რომ იყოს? პირდაპირ არა, რასაკვირველია, - ამგვარი გარიგებები მუდამ შეინიღბება ადგილობრივი აგენტებით. მათ კუდშიც რომ ჩაავლო ხელი და მოსკოვამდე მიჰყვე, იქაც, ფორმალურად, ქართული კაპიტალი დაგხვდება და არა რუსული – რომელიმე იქაურ ქართველ ბიზნესმენზე გაფორმებული.
ძნელი დასაჯერებელია, იმავე ქიბარ ხალვაშს ისეთი ფანატიკური სიყვარული ჰქონდეს ტელევიზიისა, როგორიც, მაგალითად ეროსის ახასაითებდა! აი, ეროსიზე ნამდვილად იტყოდი, «ტელევიზიის ფანატიკოსია» და მხოლოდ ფული არ აინტერესებსო. ხალვაშის შემთხვევაში კი ეს უფრო რაციონალური გათვლაა, რომელიც სხვა ინტერესებს უკავშირდება. ამ ინეტრესების ხვეულთა გახსნა იმდენად რთული საქმეა, რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება დასჭირდება – სად რომელი ძაფი მიდის და როგორ. თუმცა «წვეროებმა» ისევ იქ შეიძლება ამოყვინთონ, სადაც და როგორც . . . .
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე, რომ საქმე მხოლოდ ტელემედიას არ ეხება. საქართველოში, სოციალურ ქსელთა განვითარების კვალობაზე, თანდათან ყალიბდება ჯანსაღი სიტუაცია როდესაც სხვა მედია–რესურსები, მათ შორის სააგენტოები და გაზეთები, სულ უფრო მეტ გავლენას და აუდიოტორიას იძენენ. ამიტომ, რუსული კაპიტალი იქაც დაძრწის და ეძებს საკბილოს.
ასევე უტყუარი ინდიკატორები მეტყველებს, რომ წლის ბოლოსათვის «დიდი გადანაწილება დაიწყება» და ყველა აქტორი შეეცდება, ეს პროცესი ისევ და ისევ არჩევნებით შენიღბოს, თითქოს მთავარი მოთამაშეები ადგილობრივი ბიზნესმენები ან პოლიტიკური ძალები არიან. შესაძლოა ისინიც ჩაითრიონ, ოღონდ მიზანი ბევრად შორსმიმავალია.
რა მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში ხელისუფლება და მმართველი პარტია? ბიძინა ივანიშვილმა, თავის დროზე, მიღო პოლიტიკურად აბსურდული გადაწყვეტილება და დახურა «მეცხრე არხი», რომელსაც ნამდვილად შეეძლო გაეწონასწორებინა მისი პოლიტიკური მტრის (არა მოწინაამდეგის, არამედ უკვე მოსისხლე მტრის) კუთვნილი რუსთავი–2.
მიზეზად მაშინ ის დაასახელა, რომ არ სურდა ხალხს ელაპარაკა: «ხელისუფლება საკუთარ ტელეარხს ფლობსო». თუმცა ეს არ არის ნამდვილი მიზეზი. მას ხომ სთავაზობდნენ არხის იმგვარ ტრანსფორმაციას, როდესაც ამას ვეღარავინ იტყოდა, უბრალოდ ფნანსურად უნდა ეზარალა თავად.
ვინც ამბობს «მილიარდი დახარჯა ქველმოქმედებაზე და ამ პატარა ზარალს როგორ ვერ აიტანდაო», მას უბრალოდ არ ესმის, როგორაა მოწყობილი ბიზნესმენის ფსიქოლოგია: ქველმოქმედება სხვაა და კონკრეტული პროექტი (თუნდაც მედია–სფეროში) სულ სხვა, იქ მოქმედებს როტშილდის პრინციპი: «გაკოტრება იწყება ცენტით და არა მილიონით».
შედეგად, ხელისუფლება შეიძლება აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც მისი ხელახალი ჩარევა უკვე დაგვიანებულიც იქნება და სხვას (გარეშე ძალებს) «მოუსუფთავებს ველს», რადგან ისიც კი არ გააკეთა, თუნდაც კონკურენტული გარემო შეექმნა მედია–ბაზარზე და რეალურად დამოუკიდებელი, თანაც მთლიანად ადგილობრივ რესურსებზე დაფუძნებეული მედიისათვის არსებობისა და განვითარების შანსი დაეტოვებინა.
შედეგსაც უახლოეს მომავალში მოიმკის", - წერს ავტორი.
წყარო