
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, რომელმაც გუშინ შიმშილობა გამოაცხადა, დღეს ახალი განცხადება გაავრცელა. შიმშილობის აქციის მიზეზად ახალაიამ ის ფაქტი დაასახელა, რომ კვლავ გადაიდო სასამართლო პროცესი, რომელსაც წელიწადზე მეტია ელოდება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს ჩაინიშნა. ამასთან დაკავშირებით ექსმინისტრმა ახალი განცხადება გაავრცელა:
"სადაოც კი არ არის, რომ სასამართლოს ჰქონდა არა თუ შესაძლებლობა, არამედ ვალდებულებაც პროცესის კონკრეტული თარიღი დაენიშნა. ამით ცალსახაა, რომ შეუზღუდავ დროს აძლევდა პროკურატურას და სპეცსამსახურებს ადამიანთა წინააღმდეგ ბინძური და უხეში ზეწოლისათვის. ახლა კი ნათელია, რომ განუსაზღვრა ერთი თვის ვადა თავაშვებული ქცევისთვის.
ჩემთვის პირადად სრულიად გასაგებია, რომ ეს ერთი თვე გასაძლებად აქვთ ზეწოლის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მაგრამ თვითონ თავისუფლად შეუძლიათ გადაწყვიტონ უღირთ თუ არა ერთი თვის გაძლება განსხვავებით უვადო და უსასრული პრესისგან, იმის გააზრებით, რომ რასაც მათ პროკურატურა და სპეცსამსახურები უჩიჩინებდნენ, რომ პროცესი მათი სურვილისამებრ შეიძლებოდა თვეების განმავლობაში არ დაწყებულიყო არ არის ასე მარტივად მიღწევადი.
საბოლოოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა სასამართლომ უნდა შეიგნოს, რომ მე ჩემი ქვეყნისთვის და სიმართლისთვის ბრძოლას ბოლომდე ნებისმიერ ფასად ვაპირებ".
სასამართლოს გადაწყვეტილებას პროცესის 16 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ გამოეხმაურა "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ლიდერი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი:
"სასამართლომ პროცესი 16 ოქტომბერს ჩანიშნა, მანამდე კი მოსამართლე ბიულეტენზე გავიდა და განაცხადა, რომ "შეუძლოდ" იმყოფება. საბოლოოდ მაინც გამოვიდა ის, რაზეც ბაჩომ გუშინ და დღესაც გააკეთა განცხადება.
სასამართლომ მოითხოვა ნებისმიერი მტკიცებულება (მოწმე) ნებისმიერი სახით, ხოლო პროკურატურამ მოითხოვა კიდევ დრო, ადამიანებზე ბინძური მეთოდებით ზეწოლისთვის. ამ შემთხვევაშიც, როგორც დანარჩენ ყველაში სასამართლომ ისევ მისცა 5 კვირიანი ვადა პროკურატურას.
ჩვეულებრივი ბარტერია ორ გუგულებივით შეხმატკბილებულ ინსტიტუტს შორის", - წერს ანი ნადარეიშვილი.