
24 ივნისს, ტვ "იმედზე", "ეკა ხოფერიას თოქშოუში", ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა, პროფესორმა ქეთევან პავლიაშვილმა, როგორც თავად აღნიშნა, "პირველი და უკანასკნელი ინტერვიუ" მისცა, სადაც განმარტა, რომ მისი ერთერთი კომენტარის გამოქვეყნება "აფხაზეთის ხმაზე", "ვინმე ეგრეთწოდებული ჟურნალისტის, ბერულავას მიერ" შეთქმულების შედეგია.
მე, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელიც ვმუშაობ რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად და რადიოს ვებგვერდის რედაქტორად, საჭიროდ მივიჩნევ, მოკლედ ვუპასუხო ქ.-ნი ქეთევანის ბრალდებებს, მათი აბსურდულობის მიუხედავად.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ქალბატონ ქეთევან პავლიაშვილს ეკუთვნის ჩემს მიერ "აფხაზეთის ხმაზე" გამოქვეყნებული ეს კომენტარი, რომელიც სწორედ ამ სახით "ფეისბუქზე" გავრცელდა მანამ, სანამ საიტზე მოხვდებოდა:
„ქალბატონ ქეთევანს ძალიან უნდა, სცდებოდეს, მაგრამ ვერ სცდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქ-ნი ქეთევანი 35 წელია ახალგაზრდებთან მუშაობს დღეში 7 საათში, შაბათ-კვირის გამოკლებით და ყოველ ახალ სემესტრში სულ უფრო დაჩლუნგებულ თაობას აწყდება.
ნუ გიკავიათ სირაქლემას პოზა და ნუ იტყუებთ თავებს. ის, რაც დღეს ხდება თბილისში (სოლიდარობა) ბუნებრივია, მისასალმებელია, თუმც ასეთები გვინახია, ხვალ რომ ყველას მიავიწყდება ყველაფერი და როგორც კი ვინმე ფეხზე დადგება, სასწრაფოდ ყელში წაუჭერენ.
ეს იცის ქ.-მა ქეთევანმა და ამის დიდი გამოცდილება აქვს ქ.-ნ ქეთევანს. ეს ისე, ცნობისთვის“.
ქეთევან პავლიაშვილი ტვ "იმედის" ეთერში ამბობს, რომ კომენტარი დაწერა თებერვალში და მას არანაირი შეხება არა აქვს 13 ივნისის ტრაგედიასთან.
ამავე დროს, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, თუ სწორად გავიგე, მე მომიაზრებს მის მიმართ შეთქმულების ორგანიზატორად და "ეკა ხოფერიას თოქშოუში" ამბობს, რომ თურმე მე ვაქეზებდი მის წინააღმდეგ სტუდენტებს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნია, რომლებსაც, თუ ჩემს მიერ შეცდენილი სტუდენტები გონს არ მოეგებიან, სათანადო ორგანოებს წარუდგენს.
ქალბატონ ქეთევანს ყველაზე კარგად პასუხი გასცა მისი ჩართვის დასრულების შემდეგ სტუდიაში დაწყებულმა სიცილმა, ამიტომ თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ქალბატონო ქეთევან, თქვენი პირდაპირი ჩართვის, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ ბოდვითი ნაწილიდან ერთი დეტალის დასაზუსტებლად ერთ შეკითხვას შემოგბედავთ:
თქვენ ამბობთ, ეს კომენტარი თებერვალში დავწერე და 13 ივნისის ტრაგედიასთან კავშირი არა აქვსო. მაშინ იქნებ აგვიხსნათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებში, რაც გიწერიათ:
"...ის, რაც დღეს ხდება თბილისში (სოლიდარობა) ბუნებრივია, მისასალმებელია, თუმც ასეთები გვინახია..."
ჯერ ერთი, ქალბატონო პროფესორო, "გვინახია" კი არა, "გვინახავს", მაგრამ ეს არაა მთავარი:
ამჯერად, მაინტერესებს, თებერვალში რა ხდებოდა თბილისში, რა სახის სოლიდარობა, რა სახალხო აქტივობა იყო ისეთი, რომელსაც განმარტებაც კი არ სჭირდებოდა და ასე მოხსენიებაც საკმარისი იყო: "ის, რაც დღეს ხდება თბილისში (სოლიდარობა)"?
და კიდევ: ამდენ ლაპარაკს, შეთქმულების თეორიის ტირაჟირებას და მუქარას, რომ ყველანაირ "დოკუმენტაციას" სათანადო ორგანოებს წარუდგენთ (ვინმემ დაგიშალათ ეს აქამდე?), იქნებ, უბრალოდ, აიღოთ და გამოაქვეყნოთ "ფეისბუქზე" მაინც, იმ ინტერნეტდიალოგის ბმული ან თუნდაც, სქრინი, რითაც დადასტურდება, რომ ზემოთ მოხსენიებული კომენტარი მართლაც, თებერვალშია გაკეთებული?
ლაშა ბერულავა