
რეჟისორი ქეთი დოლიძე "რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში ყველაფერს "პაკაზუხაზე" აკეთებდა და მისი შეცდომა მხოლოდ ვერეს ხეობა კი არა, თბილისში აშენებული შუშის სახლებიცაა.
„ნაციონალების" დანაშაულს ვხედავ ამ ტრაგედიაშიც, მაშინაც ვხედავდი, როდესაც ამას აკეთებდნენ. მე უამრავი ნაცნობი, მეგობარი, ახლობელი არქიტექტორი და ინჟინერი მყავს და ყველა ამბობდა, რომ ეს იყო „კატასტროფული" მშენებლობა, თან ორჯერ უფრო სწრაფად გაკეთებული, ყოველგვარი გათვლების გარეშე. და თუ 1960 წელს მოვარდა ეს მდინარე, რა გარანტია იყო, რომ მსგავსი რამ არ განმეორდებოდა...
ძალიან მინდა, ეს რუსული სიტყვა გამოვიყენო და ვთქვა, რომ ცხრა წელიწადი ყველაფერი „პაკაზუხაზე" კეთდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული მეტიჩრობით შემოიფარგლებოდნენ. ძველი თბილისი, ქალაქი დაამახინჯეს. ქალაქში, სადაც 12 თვე მზე ანათებს, შეიძლება, ამდენი შუშის შენობა იყოს? აბა, შედით და ნახეთ იუსტიციის სამინისტროში, რა საშინელი მდგომარეობაა. მარტო ვერეს ხეობაა მათი შეცდომა?
რაც დღეს ხდება, ყველაფერი „ნაციონალების" ახირებების შედეგია. როგორ ბედავენ და ხმას როგორ იღებენ ან პრეტენზიებს როგორ გამოთქვამენ? წავიდნენ. მაგრამ წასულებიც არ გვასვენებენ..."- აცხადებს ქეთი დოლიძე.