
ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხს ეხმიანება და საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, ვისი შემოტანილიც არ უნდა იყოს, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირონ.
"პატივცემულო დეპუტატებო!
თქვენს შორი 10-15 ადამიანიც კი არ მოიძებნება, ვინც არ ერთობოდა ამ მხიარული ბალახით ახალგაზრდობაში, მიუხედავად ამისა, დღეს არც ერთი თქვენგანი არ არის არც ნარკომანი და არც ბოროტმოქმედი. არც თქვენ ჯანმრთელობასა და საღ გონებას დააკლო რამე თქვენმა ახალგაზრდულმა გატაცებამ. რისი დასტურიც არის ის, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის რჩეული შვილები ხართ.
თქვენ, ან/და თქვენი შვილები, მშობლები, ახლობლები, ნაცნობები, მეზობლები, კლასელები, - ეწეოდით და ემალებოდით მილიციას დაპოლიციას, მალვაში ეხმარებოდით ერთმანეთს. აგროვებდით ფულს, ან ქრთამისთვის, ან ოფიციალური გადასახადისათვის. თქვენ ზუსტად იცით, რომ თაობები აღიზარდა ამ მალვასა და შიშში.
თქვენს ბებიებსა და ბაბუებს, დედებსა და მამებს, ნათესავებს, საბჭოური პროპაგანდა არწმუნებდა, ჯერ იმაში რომ, ნარკომანი ბოროტმოქმედი და დასასჯელია, შემდეგ იმაში, რომ კანაფის მწეველი - ნარკომანია და საშიშია. რამაც ათასობის ადამიანის ცხოვრება გაანადგურა, დაანგრია ოჯახები.
ჩვენი საზოგადოება ამ ლენინური სიგიჟის ტერორში ცხოვრობდა.
სინამდვილეში კი ცნობილია, რომ საქართველოსთვის თრიაქით გართობა ისტორიული და ტრადიციულიც კი იყო.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებო ! გაბედეთ, და გაანთავისუფლეთ ეს, და მომავალი თაობები ამ პარანოიისგან, შიშისგან, დევნისგან, მოფსმისგან. ისტორიამ უკვე დაამტკიცა, რომ აკრძალვებით - პლანის მოწევისთვის თავი არავის დაუნებებია.
ვისი შემოტანილი კანონპროექტიც არ უნდა იყოს, გადაწყვეტილება - უმრავლესობის მისაღებია.....
მაშ ასე, - კანაფის, კანაფის ფისისა და მარიხუანის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება - სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ უნდა იწვევდეს. ასევე უნდა გაუქმდეს 15 დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი და რა თქმა უნდა 500 ლარიანი ჯარიმა.
პლანის მოწევა არ არის დანაშაული!
პლანის მწეველი არ არის ნარკომანი!
პლანი არ არის ნარკოტიკი!
პ.ს. მეგობრებო, დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას! მარიხუანას დეკრიმინალიზაციით ჩვენ ვუერთდებით ცივილიზებულ სამყაროს. ვებრძოლოთ ნარკობიზნესს, მეტი ფული დავხარჯოთ განათლებაზე.
ეს პოსტი არ არის მოწევის პროპაგანდა და იგი სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან!
პატივისცემით, კოკა ყანდიაშვილი".