
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული დავალებები არ შესრულებულა.
მისი შეფასებით, რაულ ხაჯიმბას მიერ აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსისთვის მიცემულ დავალებაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. მინისტრმა რუსთავი 2-ს მიმართა, რომ ტელეკომპანიის პროდიუსერებმა "იმეცადინონ" და სხვა შეუსრულებელ ბრძანებებსაც იპოვიან. ხიდაშელის თქმითვე, რუსთავი 2 არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის დე ფაქტო გენშტაბის უფროსს გენერალ ხრულოვს რუსეთთან გაფორმებული დე ფაქტო სამეკავშირეო ხელშეკრულების აღსრულება დაავალა. მათ შორის, მას ევალება რუსულ-აფხაზური ერთობლივი დაჯგუფების შექმნის ორგანიზებაც.
„ამაში ახალი არაფერი არ არის ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე თვით ადრე. ეს ამბები, ყველაფერი, ისტორიის კუთვნილებაა უკვე. არაფერი სიახლე ამაში არ არის. რუსეთი სულ პირდებოდა, ძირითადად, ატყუებდა აფხაზეთს, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რომ ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნებოდა.
ასეთი რამ არც ერთ და არც მეორე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არავის არ უნახავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ იქნება. ეს პოლიტიკურად ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მომგებიანია, მაგრამ თავისთავად ცუდია, რადგან ამით იქ მაცხოვრებელი ადამიანები ზარალდებიან, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ყველა აფხაზისთვის, ყველა ოსისთვის, ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ყველა ადამიანისთვის, იმის გათვალისწინება, რა ტიპის სახელმწიფოსთან აქვთ საქმე, მუდმივად როგორ მიმდინარეობს მანიპულაცია მათი გრძნობებით და რეალურად შედეგი არაფერი არ არის. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე განსხვავებული მოხდება ამ მორიგი ბრძანების გამოცემის შემდეგ. თქვენ თუ გგონიათ, რომ განსხვავება ის არის, რომ ახლა ბრძანება გამოიცა, თქვენ პირადად არა, შესაძლოა ეს თქვენი პირდაპირი ფუნქცია არ არის, მაგრამ თქვენს პროდიუსერებს ჩემგან გადაეცით, რომ ცოტა რომ იმეცადინონ, იპოვიან ბევრ ასეთ ბრძანებას, გასულ წლებში მიღებულს.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ იმეცადინეთ, ბევრ ასეთ დავალებას იპოვით წარსულშიც გაცემულს, რომელიც არ სრულდება, ამიტომ არაფერი განსაკუთრებული ამაში არ ხდება. მე მესმის, რომ თქვენ ყველაფერს ემსახურებით, გარდა საკუთარი სამშობლოს ინტერესებისა, მაგრამ ჩემი ამოცანა არ არის, რომ თქვენს ამ სამსახურში ჩავდგე მეც“, - თქვა ხიდაშელმა.
"ტაბულა"