
რიგის სამიტის შედეგების მიმოხილვით ნაწილში ირინა სარიშვილი თავის სტატუსში დსთ-ში საქართველოს გაწევრიანების პერიპეტიებს იხსენებს. როგორც თავად წერს, ხელისუფლებისადმი მისი ცინიზმი სწორედ იმის გამოვლინებაა, რომ ხელისუფლების მიერ რიგაში წარმოჩენილი უთავმოყვარეობა მთელი ქვეყნის რეაქციად არ წარმოჩინდეს.
ირინა სარიშვილი "ფეისბუქში" წერს:
"საქართველოს დსთ–ში გაწევრიანების დღე გამახსენდა.
რამდენი ვეცადეთ, ჩაგვეშალა კენჭისყრა პარლამენტში, რა მეთოდებს აღარ მივმართეთ, მათ შორის ხულიგნურს (ე.წ. დიმაუშკა შემოვაგდეთ სხდომათა დარბაზში), მაგრამ დეპუტატთა საყოველთაო მობილიზაციის პირობებში ვერაფერს გავხდით. სხდომას ესწრებოდა დსთ–ში გაწევრიანების მომხრე ყველა დეპუტატი, მათ შორის იყვნენ ყბაგასიებულები, ფეხმოტეხილები, ერთს მეუღლის დასაფლავება ჰქონდა იმ დღეს და ისიც მოიყვანეს. მთავარი იყო დსთ–ში გაწევრიანებას ხმები არ დაკლებოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტის უმრავლესობამ დსთ–ში საქართველოს შესვლას თანხმობა მისცა. და ამ თანხმობას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მქუხარე ტაში და ხვევნა–კოცნა მოყვა...
მე ძალიან იშვიათად ვტირი. მით უმეტეს საჯაროდ, ამ ყველაფრის შემყურეს ცრემლები წამომივიდა. ამ კადრს ხშირად ატრიალებდნენ შემდეგ ტელევიზიებით...
მე არ ვთვლი თავს სუსტ ადამიანად და დამარცხების, მით უმეტეს დროებითის, ღირსეულად ატანაც შემიძლია. დსთ–ში შესვლა ჩემთვის დროებითი მარცხის ტოლფასი იყო...
ცრემლები მე ტაშის და ზეიმის დანახვაზე წამომივიდა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე შემზარავი. რატომ გავიხსენე დღეს ეს შემთხვევა?
იმიტომ რომ ერთია ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მეორეა, როგორ მიაწოდებს ამ გადაწყვეტილებას ის საკუთარ ხალხს: საზეიმოდ თუ როგორც იძულებითს.
ნებისმიერი ხელისუფლება, თუნდაც ყველაზე კარგი, შეიძლება დადგეს იმ ეტაპზე ძალიან არასასურველი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე, რადგან ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული. მაგრამ თუ ეს ხელისუფლება პატრიოტია, ის ამას ისე გააკეთებს, რომ ყველა ნეგატივს თავის თავზე აიღებს და საკუთარ ხალხს ადექვატური რეაქციის საშუალებას დაუტოვებს, უფრო მეტიც, თვითონ უკარნახებს მას იმ ფორმას, რომელიც მისი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარი უნდა იყოს.
არავის ეგონოს, რომ ფორმას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და ამის საუკეთესო მაგალითი ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორიაა.
მეორე მსოფლიო ომის შედეგი დიდწილად განპირობებული იყო დასავლეთის სუსტი და უპრინციპო პოზიციით.ევროპას ამ პერიოდიდან ბებერი მეძავის სახელი შეარქვეს. სწორედ ამ პოზიციის "წყალობით" ნახევარი მსოფლიო გაწითლდა, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნები არა მხოლოდ გასოციალისტურდა აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, არამედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ამოყო თავი. თუმცა მის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება იმთავითვე მკვეთრად განსხვავდებოდა რუსეთის განახლებული იმპერიის დანარჩენი ნაწილისგან. ეს დამოკიდებულება სწორედ ბალტიისპირეთის ხალხების ადექვატურმა და შორსმჭვრეტელმა შეფასებამ, ანუ ფორმამ შექმნა საბჭოთა კავშირში გაერთიანების მიმართ.
შემდგომში კი დასავლეთისთვის ბალტიისპირელების სწორედ ეს დამოკიდებულება გახდა საფუძველი საბჭოთა კავშირიდან ბალტიისპირეთის ქვეყნების შედარებით უმტკივნეულო გამოყოფისთვის.
აი რა მნიშვნელობა აქვს ფორმას!
აი, რატომ არ უნდა დაეკრათ ტაში დსთ–ში გაწევრიანების გადაწყვეტილებისთვის ხალხის რჩეულებს!
აი რატომ არ უნდა მიეღო საქართველოს პრემიერ–მინისტრს მისთვის გადაცემული სასტვენი ჩიტი ტაშით და იქიდან წამოღებული ცარიელი ქაღალდი სამარცხვინო "შვიშტოკებთან" ერთად საკუთარ და მაშასადამე, საკუთარი ქვეყნის, გამარჯვებად წარმოეჩინა. გვინდა ჩვენ თუ არა, ხელისუფლება მთელს ქვეყანას წარმოადგენს და მისი არაღირსეული რეაგირება შეურაცხყოფაზე მთელს ქვეყანაზე აისახება. ამის გასანეიტრალებლად ერთადერთი რამ არსებობს: ხალხის მხრიდან ადექვატური შეფასება და თუ საჭიროა, ცინიზმიც!
ჩემი ცინიზმი რიგიდან დაბრუნებული ხელისუფლების მიმართ სწორედ იმის მცდელობაა, რომ უთავმოყვარო, არაპატრიოტი ხელისუფლების უღირსი რეაქცია თუნდაც ამ ეტაპზე გარდაუვალი არასასურველი მდგომარეობის მიმართ მთელი ქვეყნის უთავმოყვარეობა და უღირსებობად არ წარმოჩინდეს.
რაც მეტი გამოხატავს უკმაყოფილებას ასეთ შემთხვევაში, მით მეტი დამცველი ყავს ამ ქვეყანას და მით მეტად რეალურია ჩვენი სანუკვარი მიზნის მიღწევა.
ქვეყნის პატრიოტმა ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს!
უფრო მეტიც: მან ასეთი უარყოფითი რეაქციისკენ თვითონ უნდა უბიძგოს ხალხს...
დღევანდელი ხელისუფლება და მის მიერვე წახალისებული რუსული ოპოზიცია ირიბად თუ პირდაპირ საქართველოს რუსეთის იმპერიის მორიგ სახეცვლილებაში – ევრაზიის კავშირში მიაქანებს. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ობიექტური ან სუბიექტური მიზეზების გამო ამ ეტაპზე ვერ აგვცდება, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ მომავალზე!
რაც აქ ვთქვი, გაუგებარი მხოლოდ მათთვის დარჩება, ვისთვისაც სულერთია, სად ცხოვრობს!
სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ:
საქართველოს ხელისუფლება სამშობლოში სირით (ჩიტით) ხელში დაბრუნდა!.." - და ბოლოს ამატებს: "სტატუსი - ეროვნული მოძრაობა".