
განათლების მინისტრის მრჩევლის ოთარ აბესაძისა და პარლამენტის წევრის ელისო ჩაფიძის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ მასში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ჩაერია. რას ედავება აბესაძე ჩაფიძეს და რას პასუხობს მას ყოფილი ჟურნალისტი?
გაზეთ „რეზონანსის“ ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე განათლების მინისტრის მრჩეველს დაუპირისპირდა. ოთარ აბესაძემ მათი მიმოწერა გაასაჯაროვა, საიდანაც ჩანს, რომ ჩაფიძემ ბოლოს აბესაძეს „ნაძირალა“ და „არამზადა“ უწოდა.
აბესაძე ელისო ჩაფიძეს წერდა, რომ ტყიბულში ქალაქს „ნაციონალები მოაჯდნენ“ და „ქაღთული ოცნების“ რეიტინგი ეცემა, თავად კი „ამათი ჩაჯ*ული საქმის“ გამოსწორებას ცდილობს. აბესაძემ ჩაფიძისგან ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ კუბლაშვილის გაკონტროლება მოითხოვა და ჩაფიძეს მისწერა იმ „მამალი ნაციონალების“ სია, ვისაც თამაზ კუბლაშვილმა ხელფასი დაუნიშნა. აბესაძემ ჩაფიძისგან რეაგირება და ბრიფინგის ჩატარება მოითხოვა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიფინგს თავად ჩაატარებდა.
ელისო ჩაფიძე მიმოწერაში დაპირდა, რომ მკაცრ ზომებს მიიღებდა, ხოლო „რეზონანსთან“ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ მას ტყიბულში ოთარ აბესაძე ებრძვის:
„ეს არის თავხედი ადამიანი, ის აცხადებს რომ საკრებულოს ნაციონალ წევრებს ენიშნებოდათ ხელფასები და მე არ აღვკვეთე ეს ქმედება, როგორც გავარკვიე საქართველოს ყველა რეგიონში საკრებულოს ყველა წევრს ქონდა დანიშნული საოპერაციო ხარჯებისთვის გარკვეული თანხა, გარდა ტყიბულისა, რამდენიმე ხნის წინ კი ტყიბულის საკრებულომ ეს საკითხი განიხილა და ტყიბულის საკრებულოს წევრებსაც დაუნიშნა. სწორედ ამ ბრალდებებს მიყენებს ეს ადამიანი.“ - აღნიშნავს ელისო ჩაფიძე.
ელისო ჩაფიძის განცხადებით ოთარ აბესაძე მას უგზავნიდა შეტყობინებებს, სადაც ის ტყიბულში განსახორციელებელ გეგმებზე აწვდიდა ინფორმაციას. ოთარ აბესაძეს სურს არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალის, ტელევიზია „ობიექტივის“ ფილიალის გახსნა. ელისო ჩაფიძის განცხადებით მისთვის გაუგებარია რა სტატუსით მოქმედებს მინისტრის მრჩეველი ტყიბულის რაიონში.
„ეს პიროვნება დადის სხვადასხვა სოფლებში, აცხადებს რომ სკოლებს აშენებს, რომ არის მინისტრის მოადგილე... მე ძალიან კარგად ვიცი ვინ დგას აბესაძის უკან ეს არის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, რომელსაც გამოკვეთილი ინტერესები გააჩნია ტყიბულის მიმართ. მას ყავს სანათესაო ტყიბულში.“ - აცხადებს ჩაფიძე.
ჩაფიძის განცხადებით , აბესაძე და მასთან ერთად მოქმედი რამდენიმე ადამიანი მას ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში, დეპუტატის თქმით აბესაძე ტყიბულის რაიონის სოფლებში დადის და მმართველი გუნდის სახელით დაპირებებს იძლევა და მოსახლეობას ატყუებს .
ელისო ჩაფიძის განცხადებით, მან პოლიტსაბჭოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა, რადგან ეს მოვლენები უკვე რამდენიმე ხანია გრძელდება, მისი თქმით, 19 იანვარს ტყიბულში იყო ჩასული ნუგზარ ყიფიანი , ის შეხვდა რამდენიმე სამსახურის უფროსს და მათ დავალება მისცა, რომ ჩაფიძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერები შეეგროვებინათ.
ამავე პერიოდს დაემთხავა ქალაქ ტყიბულში ოთარ აბესაძის გააქტიურებაც . ელისო ჩაფიძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებიტ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.
„მე ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენე პარტიაც, უმრავლეოსობის მეთაური საგანელიძეც,ფრაქციის ხელმძღვანელობაც, მე მჯერა რომ ისინი პარლამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის უფლებებს დაიცავენ, „ცრუ პუგაჩოვებისგან“ რომლებსაც დისონანსი შეაქვთ იმ საზოგადოების ცხოვრებაში, რომლის სიმშვიდეზეც მე ვარ პასუხისმგებელი და ვერ შევეგუები არა ლეგიტიმური ადამიანების ხელების ფათურს ტყიბულის რაიონში“- განაცხადა ელისო ჩაფიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.
თავის მხრივ, ოთარ აბესაძემ მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც ის ჩაფიძეს გვერდით დადგომასა და „ქალაქის გაწმენდას“ სთხოვს, ბოლოს კი ელისო ჩაფიძის მშობლიურ სოფელ მუხურაზეც ამბობს ორ სიტყვას.
მისი ფრაზა „წინასწარ გეტყვი, თუ გინდა, ვინ მოიგებს მუხურას გზის ტენდერს“, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრის მეუღლის მეგობრების კომპანიას გულისხმობს, რომელმაც გზის მშენებლობის სამუშაოები უნდა შეასრულოს. მიმოწერაში კიდევ ბევრი დეტალია, მათ შორის ისიც, რომ თავად აბესაძე „ჩა*მულს“ უწოდებს „ქართული ოცნების“ ზოგ ქმედებას.