
„დენი რომ 7 თეთრი არ გახდება, მეც ვიცი, ეს ენერგეტიკა ცალკე და გლობალური საკითხია, არამარტო საქართველოში, სხვათა შორის“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „რეაქციაში“.
გადაცემის წამყვანმა მას შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა, რასაც გუბაზ სანიკიძის რეპლიკა მოჰყვა: „ახლა შენ ჩამოთვალე ის, რაც არ შესრულდა, რაც შესრულდა, ის რომ ჩამოვთვალო, დრო უნდა მომცე, რადგან პოლიტიკა არაა ბლიცი, როგორც ეს ბევრს ჰგონია“, - თქვა მან, ხოლო წამყვანის თხოვნაზე, დაესახელებინა სამი მთავარი მიღწევა, განაცხადა:
„ჯანდაცვა, ბიზნესის გათავისუფლება და თავისუფალი სასამართლო - ესაა სამი, რომელსაც, შესაძლოა, ნულიც მიეწეროს, ამის ჩამოთვლას დრო უნდა“, - განაცხადა მან.
გუბაზ სანიკიძის თქმით, დაპირებების ზირითადი ნაწილი შესრულებულია, ხოლო რაც შეეხება დენს, მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში ისეთი რამეები მოხდეს, დენი საერთოდ არ იყოს. ინგა გრიგოლიას შეკითხვას, რა არის მოსალოდნელი, გუბაზ სანიკიძემ უპასუხა:
„ომი, ინგა... ახლა არა, მაგრამ პერსპექტივაში ამის საფრთხე არსებობს და ჩვენ მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, რომ ეს საფრთხე თავიდან ავირიდოთ“.