
„მე მაქვს სერიოზული ინფორმაცია, რომ საქართველო ბეწვზეა გადარჩენილი 1 ოქტომბერს, „ნაციონალები“ რომ დარჩენილიყვნენ“, - განაცხადა „რეაქციაში“ გუბაზ სანიკიძემ.
მისი თქმით, 2012 წლის არჩევნების მთავარი მიღწევა ის არის, რომ ქვეყანა არაა გახვეული შარში. სანიკიძემ იქვე დააზუსტა, რომ „შარში“ ომს გულისხმობს.
„ის, რაც აფხაზეთში ხდება, აბა რა არის? რუსეთი დემონსტრაციულად გვიჩვენებს კუნთებს და არამარტო ჩვენ გვიჩვენებს - ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებსაც უჩვენებს. შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბოს, ზოგი რამ არ ითქმება...“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მოიხსენია, აღნიშნა რა, რომ ის უკრაინიდანაც ცდილობს, საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას.
ამის მაგალითად გუბაზ სანიკიძემ სააკაშვილის განცხადება მოიტანა იმის შესახებ, რომ დებალცევოში ქართული შენაერთები იბრძვიან: „იქ ქართველები იბრძვიან, მაგრამ შენაერთები არა. ეს არის სუფთა პროვოკაციული განცხადება. შენაერთი სულ სხვა რამეა“, - თქვა დეპუტატმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“.