
„არჩევანში“ სტუმრობისას საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაეროში რუსეთის წარმომადგენელი, ჩურკინი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტად ლობირებდა.
ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, ირაკლი ალასანია სერგეი ლავროვსაც შეხვდა და ეს თემა განიხილეს: „მე არ ვიცი, გადეხვია და აკოცა თუ არა ლავროვს, მაგრამ რაღაც ტიპის შეხვედრები ჰქონდათ“, - თქვა მან.
მისივე თქმით, „რუსეთის დაზვერვა ყურებს არ აპარტყუნებდა“ და მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანია ოპოზიციაში გადასვლას აპირებდა და სწორედ ამიტომ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი იქნებოდა, რუსეთი მას აღიქვამდა, როგორც სააკაშვილის შემცვლელს, უფრო ღირსეულ ადამიანს.
„ჩურკინს ის მოეწონა მასთან ოპონირებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ და დასძინა, რომ ირაკლი ალასანიას მანამდეც ჰქონდა კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან.
ხაბურძანიას თქმით, ალასანია უშიშროებაში მან მიიყვანა, ხოლო ერთხელ, როცა საქართველოში ჩამოსული იყო რუსეთის ფედერალური სადაზვერვო ბიუროს შეფი, პატრუშევი, ირაკლი ალასანია მას „გაექაჩა“:
„ეს შეურაცხყოფა იყო პირადად სტუმრისაც და ჩემიც, როგორც მასპინძლის. როგორც ვიცი, იქ იყო ირაკლი ალასანიას მამის საფლავის პოვნასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც შემდეგ გაირკვა და ურთიერთობებიც ამ ეტაპზე გაჩერდა“, - იხსენებს ხაბურძანია, მოგვიანებით კი იხსენებს ასევე 2002 წლის თებერვალში მომხდარ შემთხვევას, როცა ალასანიამ მასთან სტუმრად მყოფი ФСБ-ს უფროსის მოადგილე გვერდით გაიყვანა, ტრაპზე ავიდნენ და დიდხანს ისაუბრეს:
„მერე ალასანიამ მითხრა, რომ მამამისის საფლავის თემაზე საუბრობდნენ. მე ეს ასეც მივიღე და არც მქონდა უფლება, სხვაგვარად მიმეღო. მოგვიანებით კი, როცა მოსკოვში ჩავედი, მე მომასმენინეს აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, რომ ირაკლი ალასანია ФСБ-ს შეფის მოადგილეს, რომელიც მთელ სასაზღვრო ჯარებს აკონტროლებდა, ეუბნებოდა, რომ მას აქვს პირდაპირი ხაზი შევარდნაძესთან, შეუძლია პირდაპირ მასზე გასვლა და არაა საჭირო ხაბურძანიას ასე აქტიურად გამოყენება“, - განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.