
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კოლეგებს უმრავლესობიდან მოუწოდებს, პარტიულობა დაივიწყონ და 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ერთად გაიარონ ლარის გაუფასურების თემა, რათა გამოსავალი მოიძებნოს.
“ მე მოვუწოდებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ხვალ ქუთაისში გვაქვს პარლამენტის პლენარული სხოდმა. მე მზად ვარ ნებისმიერ წუთს, ხვალ, უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, ერთად დავსხდეთ და ერთად გავიაროთ ეს გეგმა.
როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე დეპუტატებმა, ვისაუბროთ არა აბასტრაქტულ თემებსა და ფეხბურთის თამაშზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. თუ უმრავლესობა იქნება თანახმა, მზად ვართ დავსხდეთ ყოველგვარი პარტიულობის დავიწყებით და ვისაუბროთ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელ გეგმაზე, დღეს მთავარია ის, თუ რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში.
თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტიაც, ოცნებაც და დავბრუნდებით 90-იან წლებს. ვწუხვარ, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია და არ უნდა ეს რეალობა ბოლომდე გაიაზროს", - აცხადებს დავით ბაქრაძე.