
საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე კომენტარი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
აბაშიძემ განაცხადა, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას:
"მოგეხსენებათ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ნატო-სთან, რომელიც გახლავთ მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია.
ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას.
რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.