
გადაცემაში „შუსტერ ლაივი“ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა თავიანთი მოქმედებით შეძლეს დასავლეთის აქტიურად ჩართვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მას საკუთარ თავზე გამოუცდია ვლადიმირ პუტინის ცბიერება და იქედან გამომდინარე, რომ კარგად იცნობს მას, როგორც პოლიტიკოსს, შეუძლია თქვას, რომ პუტინი მინსკის შეხვედრის დროს და შემდეგ ნერვიულობდა.
მიხეილ სააკაშვილმა პარალელი გაავლო მინსკის შეთანხმებასა და აფხაზეტში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს მიღებულ სოჭის შეთანხმებებს შორის და აღნიშნა, რომ მაშინ რუსული მხარის გარანტორობით ქართულმ ამხარემ გაიყვანა მძიმე შეიარაღება კონფლიქტის ზონიდან, რასაც რუსეთის სამხედრო მანქანის დახმარებით აფხაზების გადასვლა შეტევაზე და ყველაფრის მითვისება მოჰყვა.
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი უკრაინას „ნამდვილ შეიარაღებას“ მისცემს: „რა თ ქმა უნდა, ისინი ეძებენ მიზეზს, რომ არ დაგეხმარონ. ისინი ყოველთვის ეცდებიან თქვან, რომ თქვენ პროვოკატორობთ და ასე შემდეგ, მაგალითად, ოთხი თვის წინ უკრაინის შეიარაღების გაგონება არავის უნდოდა: როცა პრეზიდენტი პოროშენკო ბრწყინვალე სიტყვით გამოვიდა კონგრესში, იქ მისი სიტყვა ყველას მოეწონა, მაგრამ როცა მივიდა თეთრ სახლში, სხვანაირად დაიწყეს ლაპარაკი, როგორც მე ვიცი - შეიარაღების გადაცემაზე არ უნდოდათ საუბარი.
მაგრამ ამავე დროს დასავლეთის საზოგადოება ხომ დემოკრატიული საზოგადოებაა: ისინი ხედავენ, რომ უკრაინელები უკან არ იხევენ, რომ ასე თავგანწირვით იბრძვიან, რომ უკანდახევის ნაცვლად მათ დებელცოვოსთან ალყა გაარღვიეს და მარიულოპიდან შეტევა დაიწყეს...
ამ ყველაფრის შემხედვარე დასავლეთი, რასაკვირველია, ვერ დარჩება გულგრილი და როგორც ფინეთს დაუდგა გვერდით სტალინის წინააღმდეგ, ისე დაუდგება უკრაინასაც. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თუ პუტინი კიდევ ერთხელ წავა შეტევაზე, ეს აღარ იქნება რუსეთ-უკრაინის ომი და გადაიქცევა ომად დასავლეთსა და რუსეთს შორის...
ამას თვითონ ოლანდამაც გაუსვა ხაზი, როცა თქვა, რომ ეს უკვე ომს ნიშნავს... მან იგულისხმა არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი...“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში.