
ირაკლი ალასანიამ „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ პრორუსული განწყობა ქვეყანაში იმატებს, რადგან კონტრდაზვერვითი მუშაობა შეჩერებულია, ხოლო ამ განწყობებს ხელისუფლებაში მყოფმა გარკვეულმა პირებმა, მათ შორის, ივანიშვილმაც, საგანგებოდ გაუხსნეს სივრცე.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არაერთხელ დაინტერესებულა და ოფიციალური წერილიც გაუგზავნია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუმცა, პასუხი არ მიუღია. ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს „დე ფაქტო პრემიერად“ მოიხსნიებს და დებატებში იწვევს.
„საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს კარგად ახსოვს საქართველოს უახლესი ისტორია. ბოლო 20–25 წლის განმავლობაში, თუ 200–ს არ ვიტყვით, ყველა სახლმწიფოებრივი პრობლემა ჩვენს ქვეყანას სწორედ რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე შეექმნა. 2008 წელი არცთუ შორეულ წარსულში იყო.
დღეს რა კადრებსაც ვხედავთ უკრაინაში, ჩვენს ოჯახებში ვითარდებოდა, ამდენად, შინაგანი რწმენა მაქვს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება არჩევანზე, რასაც საქართველოს დამოუკიდებელი განვითარება და ევროპულ ოჯახში ჩვენი დამკვიდრება ჰქვია“, - ამბობს ირაკლი ალასანია.
მისივე თქმით, როდესაც უსაფრთხოების კაბინეტი იკრიბებოდა, რამდენჯერმე დააყენა საკითხი, რატომ არ სწავლობდა კონტრდაზვერვა, საიდან შემოჰქონდათ ფული პრორუსულ მედიასა და სხვა ორგანიზაციებს:
„სხვათა შორის, ერთ–ერთი ორგანიზაციის ინიციატივაც იყო, რომ საქართველოს კანონმდებლობა გამოეყენებინათ და შეეზღუდათ რუსული არხების მიერ ამ პროპაგანდის ტირაჟირება და ეს, ჩემი აზრით, შორს არ არის გონიერებისგან. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ მომატებული იქნება პრორუსული განწყობები, რადგან ისინი ხელშეწყობილი იყო და ეს სივრცე მათ შეგნებულად დაუთმო ვიღაცამ, ხელისუფლებაში მყოფმა გარკვეულმა პირებმა, მათ შორის – ბიძინა ივანიშვილმაც, მათ საგანგებოდ გაუხსნეს ეს სივრცე.
სხვანაირად ვერ ვხსნი იმას, თუ რატომ არ მოქმედებენ დროულად ჩვენი კონტრდაზვერვითი ორგანოები, არადა ვიცი, რომ გვყავს პროფესიონალი ხალხი, მათ, უბრალოდ, უნდა მისცე ინსტრუმენტები, რომ იმუშაონ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.