
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ 2006 წელს ჩატარებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დეტალები "რეაქციაში" სტუმრობისას გაიხსენა.
„რადგანაც არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯგუფი შეიარაღებული იყო, დაიგეგმა, რომ დევნა-დაკავების ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმი ჩართულიყო. გადავწყვიტეთ, ყაჩაღურ-დანაშაულებრივი ჯგუფისთვის ყაჩაღობის საშუალება არ მიგვეცა, არ შეგვეშვა ისინი საცხოვრებელ ბინაში და როცა ოთხივე შეიკრიბებოდა, მაშინვე დაგვეკავებინა. ყაჩაღობის სპეციფიკიდან გამომდინარე, იყო საშიშროება, რომ მათ მძევალი აეყვანათ და ორმხრივი სროლის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები დიღუპულიყვნენ“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ქადაგიძის თქმით, დევნა-დაკავების ოპერაციის დროს, სამართალდამცავები საცობში მოყვნენ და მათი თვალთვალის არეალიდან დამნაშავეთა ჯგუფის ავტომანქანა დაიკარგა, ამ დროს კი, ირაკლი ფირცხალავამ ხელის საშუალებით, ყველა დანაყოფის საყურადღებოდ გადმოსვლისა და ავტომანქანის ფეხით მოძებნის ბრძანება გასცა. ავტომანქანიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა წინ მდგომი BMW-ს მარკის ავტომანქანა შეამჩნია. მასში სავარაუდოდ, დამნაშავეები უნდა მჯდარიყვნენ. ქადაგიძის თქმით, პოლიციელი მიუახლოვდა ავტომანქანას, ამ დროს კი, იქიდან სროლა განხორციელდა.
„ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელით მიმართა დანარჩენებს, რომ მანქანიდან სროლა მოხდა. ირაკლი ფირცხალავამ ჯგუფის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ დაკავების განკარგულება გასცა, პარალელურად, ავტომანქანა ცდილობს საცობიდან გამოსვლას, იწყებს უკუსვლით მოძრაობას, ტრიალებს ავტომანქანის მარცხენა მხრიდან, ამ დროს კი, მის წინ ჩნდება პოლიციელი გიორგი ბეროძე, რომელიც ახლა დაკავებულია. ავტომანქანამ ბეროძეს დაარტყა და ხუთი მეტრის მოშორებით გადააგდო. ამ დროს უკვე სპეცდანიშნულების რაზმიც ადგილზე იმყოფება, ავტომანქანა ეჯახება ბოძს, ხოლო სპეცდანიშნულების რაზმი საპასუხო სროლას ახორციელებს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ეს ინფორმაცია ისაა, რაც მისთვის შემდეგ გახდა ცნობილი, რადგანაც ქადაგიძე აღნიშნული ოპერაციის მონაწილე არ ყოფილა.
პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ, გახსნილად მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამოაცხადა. საქმეზე დაკავებულია 11 პირი, რომელთაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.