
ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერში მედიაქესპერტ ზვიად ქორიძის შეფასებას, რომ ყარაფილას სასფლაოზე ტერაქტი მოაწყო მან, ვისაც აქვს ამის არსენალი და ვინც ამ ტერაქტებს 25 წელია აწყობს - ანუ, რუსეთმა, დარბაზში მყოფი პირისგან რეპლიკა მოჰყვა.
"სეტყვა წამოვა და, რუსეთის ბრალიაო, რა შუაშია რუსეთი? არეულობა აწყობს "ნაციონალურ მოძრაობას" და რუსეთი რა შუაშია საერთოდ?", - იკითხა დარბაზში მყოფმა გადაცემის მონაწილემ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა დავით მხეიძემ.
გადაცემაში "განსხვავებული აზრი" ზვიად ქორიძესთან ერთად გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძეც მონაწილეობდა. ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ თუ განვლილ 25 წელს გადავხედავთ, ტერაქტები ეწყობოდა სწორედ მაშინ, როცა ქვეყანა მნიშვნელოვან მოსახვევს, გზაჯვარედინს უახლოვდებოდა და ასეა ახლაც.