
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მუხლი, რითაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საქმე აღიძრა, ამ ეტაპზე სწორია, მაგრამ შემდგომში, შესაძლოა, ტერორიზმის მუხლად გადაკვალიფიცირდეს.
ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ მკვლელობის შემსრულებლის მიზანი ვერ იქნებოდა ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლა. სესიაშვილის თქმით, საქმე რთული გამოსაძიებელი იქნება, რადგან არაა გამორიცხული, რომ მკვლელი საოკუპაციო ზოლიდან მოქმედებდა და მისი მიზანი საზოგადოების დაშინება, დაუცველობის გრძნობის გაჩენა და სახელმწიფოში სტაბილურობის მოშლა იყო:
„ჩადენილი აქტი თავისი ხასიათით, უფრო გავს ტერორისტულ ქმედებას. ტერორიზმის მიზანია საზოგადოების ფართო მასების შოკირება, მათზე ზემოქმედების მოხდენა და გარკვეულწილად დაუცველობის განცდის გაჩენა საზოგადოებაში. ეს აქტი უფრო მეტად მიმართულია საზოგადოების ტერორისკენ, დაშინებისკენ, რასაც უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ჰქონდეს პოლიტიკური მოტივები.
არავისკენ ხელს არ ვიშვერ, თუმცა იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მიზანმიმართული იყო არა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ხელის შეშლისკენ, არამედ საზოგადოების დაშინებისკენ და სახელმწიფო სტაბილურობის მოშლისკენ. მუხლი რითაც აღიძრა საქმე, ამ ეტაპზე სწორია, თუმცა შემდგომ შესაძლებელია შეცვლა და ტერორიზმის მუხლით გადაკვალიფიცირება", - აღნიშნა სესიაშვილმა.
"საქმე რთულად იქნება გამოსაძიებელი. გეოგრაფიულად, სადაც მოხდა აღნიშნული ფაქტი, ახლოს არის საოკუპაციო ზოლთან და ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა მკვლელი მოქმედებდა საოკუპაციო ზოლიდან. ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას.
მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მოხდეს გამოძიება, თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ, რომლებიც უკავშირდება როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ მოტივებს", - აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე.