
კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და "ფეისბუქზე" წერს, რომ ეს ან პირად მტერს შეეძლო ჩაედინა, ან ჩვენი ქვეყნის სასტიკ მტერს. "მე უფრო მეორე ვერსიისკენ ვიხრები", - წერს რურუა.
"...ვის შეეძლო ჩაედინა ასეთი რამ და ასე? რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ გარდაცვლილზე, შვილის საფლავზე მამის ასე ვერაგულად მოკვლა ძალიან ცინიკური და ცივსისხლიანი ვიღაცის ან ვიღაცეების დაგეგმილია, ბუნებრივია.
ეს ან მოკლულის პირადი მტერი უნდა იყოს, ანდაც ჩვენი ქვეყნის უვერაგესი მტერი, ვისაც მიზნად საზოგადოებაში დაპირისპირებისა და უკიდურესი დაძაბულობის მუხტის დათესვა სურს - რამდენად გამოუვა ეს, ეს სხვა საქმეა.
პირადად მე უფრო მეორე ვერსიისაკენ ვიხრები. ეს იმპერსონალური მკვლელობაა, რომელიც მოტივირებულია ხალხის სხვადასხვა ჯგუფებს შორის არეულობის გამოწვევისა და რაიმე სახის რადიკალიზმის გამოვლინების იმედით.
P.S. ისევ "გულაობს" რუსული დაზვერვა და დივერსანტ-ტერორისტები საქართველოში და ატარებს "ექსპერიმენტებს" ერის ფსიქიკაზე. ასე იცის სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევამ და განზრახ დასუსტებამ."