
ალექსანდრე ელისაშვილი "ფეისბუქში" წერს, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ, მახარაძის მეგობარს თენგო ერისთავს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო და იმის შესახებ, რა მეთოდით დააკავებდა პოლიცია, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა შავგულიძისთვის ცნობილი იყო.
"ორი დღეა ვხვდები თენგო ერისთავის ახლობლებს, იურისტებს, ადვოკატებს. ამ საკითხზე ვესაუბრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (ჩემთვის პატივსაცემებს!), ადამიანის უფლებების დამცველებს და უკვე დარწმუნებული ვარ რომ ამ ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდეს.
ჩემდა სამწუხაროდ ამაში დავრწმუნდი და მტკივა იმის აღიარება რომ ახლაც პოლიცია ძველი, საძაგელი მეთოდებით მოქმედებს. არც კრიმინალის დამცველი ვყოფილვარ არასდროს და არც დამნაშავეების, მაგრამ დანაშაულთან და კრიმინალთა ასე ე.წ. "ბრძოლამ" სადამდეც მიგვიყვანა სულ ცოტა ხნის წინ რატომ გვავიწყდება და რატომ ავიწყდება ახალ ხელისუფლებას????
ნეტავ რა პოზიცია აქვთ ეკა ბესელიას? მანანა კობახიძეს? შალვა შავგულიძეს, რომელიც ინფორმირებული ყოფილა რომ თენგო ერისთავის დაკავებას აპირებდნენ ე.წ. ნარკოტიკის ჩადებით. ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა არის სისაძაგლე და ვინც ეს განახორციელა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა აგოს ამაზე პასუხი!!!", - წერს ალექსანდრე ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ თენგო ერისთავს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც მისი ოჯახის წევრებთან ერთად, აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის დედაც აპროტესტებდა.