
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებს.
„ათი მცნება წინასაარჩევნოდ
ვაკვირდები წინასაარჩევნო პროცესს შეძლებისდაგვარად. ვერ ვიტყვი, რომ სხვა საქმე არ მაქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და ვერავითარი ნიჰილისტური რიტორიკა სახლში დარჩენას ვერ გაამართლებს.
თუ ორი ნაბიჯის გადადგმაც გეზარება, მაშინ ისიც ნუ გაგიკვირდება, რომ კიდევ რამოდენიმე წელი არაფერს შეგეკითხებიან. მოკლედ, თუ ენდობით ჩემს დიდ და მწარე გამოცდილებას, ასეა:
1) აუცილებლად მიდი არჩევნებზე. მაშინაც კი, თუ არჩევანი არა გაქვს: ნუ მისცემ ვინმეს შენი ბიულეტენის გამოყენების შესაძლებლობას ან ცდუნებას. ბოლობოლო, შეგიძლია ყველა გადახაზო.
2) დააკვირდი, რამდენად თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში ტარდება არჩევნები. ხელისუფლება, რომელიც ჩაგრავს ოპონენტებს, ხვალ იგივეს გაუკეთებს ამომრჩეველსაც.
3) ერთხელ მაინც მოუსმინე ყველა ძირითად კანდიდატს, გაიგე ვინაა. არ მგონია, შენს უბანში ასეთი ხუთზე მეტი იყოს. ვფიქრობ, შენი მომავალი იმსახურებს 5 * 30 წუთს. გახსოვდეს, პოლიტიკოსები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ადამიანების მომავალს, განსაკუთრებით აქ, განვითარებად (თუ განუვითარებელ) ქვეყნებში.
4) განსაკუთრებული ყურადღებით, დეტალურად დააკვირდი სახელისუფლებო კანდიდატს: მას თითქმის ყოველთვის გამარჯვების სხვაზე მეტი შანსი აქვს. თუ მისი პოლიტიკური ძალა აკონტროლებს ხელისუფლების სხვა შტოსაც, კიდევ უფრო მეტად დააკვირდი: ესე იგი, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების პოტენციალი კიდევ უფრო მაღალია.
5) არასოდეს მისცე ხმა იმას, ვინც ერთხელ უკვე მოგატყუა. როლი უკვე გათავისებული აქვს, სახეზე „პადოში“ - უფრო გამაგრებული. „არ ვიცოდი, არ მეგონა, მეტს აღარ ვიზამ“ - დაწყებითი კლასების არგუმენტებია.
6) არ მისცე ხმა „მრავალპარტიადალეულ“ კანდიდატს. მისი მიზანი ძალაუფლებაა და არა ფასეულობები. თუ არასდროს იცოდა, როგორ მიეღწია „კეთილშობილური მიზნებისათვის“, არ გეგონოს, რომ მაინცდამაინც დღეს შეძლებს.
7) ეცადე კარგად დაინახო, რამდენად ინარჩუნებდა დღემდე უბრალოებას შენი რჩეული. რას აპირებს, როგორ წარმოუდგენია თავი: როგორც შეფი თუ როგორც მზრუნველი, ან მსახური?
8) საქართველო, ქალაქი, საარჩევნო უბანი საკმაოდ პატარაა და ჩვენი ცხოვრების წესიც საკმაოდ ღიაა გარე თვალისათვის. ეცადე გაარკვიო, როგორია კანდიდატი ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორ შეხვედრია ცხოვრებისეულ სირთულეებს თუ სიკეთეს?
9) რა გაუკეთებია ქვეყნისთვის, ქალაქისთვის, უბნისთვის, შენთვის ბოლობოლო? Кто прошлое помянет, тому - глаз вон, а кто забудет, тому - два.
10) სანამ კალამს მოიმარჯვებ, დაუსვი თავს მთავარი კითხვა: რა შეემატება საზოგადოებას და შენ მისი არჩევით?
დარწმუნებული ხარ?!
P.S. აი, მე კი დარწმუნებული ვარ: თუ ყველა ვიხელმძღვანელებთ ამ პრინციპებით, ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება!", - წერს გამსახურდია.