
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერმინისტრმა უმასპინძლა, ჟურნალისტი, მედიაკავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელი და, ამავდროულად, თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილიც იმყოფებოდა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მიიწვიეს არა როგორც მერობის კანდიდატი, არამედ როგორც ჟურნალისტი. აღსანიშნავია, რომ "ფეისბუქზე" საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალურ გვერდზე ჯერ გამოქვეყნდა, შემდეგ კი ადმინისტრატორის მიერ წაიშალა ფოტოები, სადაც ასახული იყო ღონისძიებაზე ირმა ინაშვილის ყოფნა და გადაღებული იყო ის მომენტი, როცა პრემიერმინისტრი უშუალოდ ესალმება ოპოზიციური ძალის მერობის კანდიდატს.
ამასთან, "აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს ღონისძიებაზე გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოს, სადაც ირმა ინაშვილი უკვე ვაჟა ლელუაშვილის მეუღლესთან - გიული მაღრიშვილთან ერთადაა გადაღებული (ფოტოზე გიული მარღიშვილი შუაში დგას).
ამ ფოტომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართველ ინტერნეტმომხმარებლებს შორის. "ფეისბუქზე" მიმდინარე განხილვებში გამოიკვეთა შეკითხვები ირმა ინაშვილის მისამართით - საიდან იცნობს ის ვაჟა ლილუაშვილის მეუღლეს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის პასუხისმგებელ თანამდებობაზე დაინიშნა მას შემდეგ, რაც შსს-მ ე.წ. "კასრების საქმე" გახსნა...
ამ თემას ეხება გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე, რომელიც "ფეისბუქში" წერს რომ პრემიერ-მინისტრმა საზეიმო ღონისძიებაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალში ეჭვმიტანილი პირი მიიწვია (გიული მაღრიშვილი), რომელიც არათუ დაისაჯა, დაწინაურდა კიდეც:
"გიული მაღრიშვილი ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა,მას შემდეგ, რაც ქმარმა კასრების ვიდეოები ჩააბარა ახლებს. საქმე იყო აღძრული გიული მარღიშვილზე და ექიმ მამუკა აბუაშვილზე, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე, სსკ 260-ე მუხლი", - წერს ელისო კილაძე.