
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" ეხმიანება უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მღცევლად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და წერს, რომ ფორმალური თანამდებობის დაკავებას არ აპირება, ამავე დროს, აღნიშნავს, რომ კიევში უკვე მუშაობს ქართველ რეფორმატორთა ჯგუფი.
“დღეს, როდესაც უკრაინის მოსახლეობამ პირველად ასეთი ერთსულოვნებით ცივილიზაციის დასავლური კურსი აირჩია, მთელი რეგიონისთვის უკრაინაში რეფორმების წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გამოზარდა ახალგაზრდა რეფორმატორთა მთელი თაობა, რომელნიც მოწადინებულნი არიან, რომ ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარებით უკრაინის ახალ მთავრობას ახალი უკრაინის აშენებაში დაეხმარონ, თუმცა მე არ ვაპირებ ფორმალური თანამდებობის დაკავებას, ჩვენი გუნდი, ათეულობით გამოცდილი ქართველი რეფორმატორი, უკვე მუშაობს კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში.
მთავრობასთან უკვე ვმუშაობთ ერთიანი საჯარო რეესტრის, ელექტრონული რეესტრების შექმნასა და ასევე იუსტიციის სახლებზე, დავიწყეთ მუშაობა კიევის ახალ მერთან და უკრაინის ადგილობრივ რეგიონალურ ლიდერებთან. უკრაინის რეფორმების წარმატება, დღეს რეგიონში თავისუფლების დიდ გამარჯვებას ნიშნავს. ეს კი, ჩვენი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - წერს მიხეილ სააკაშვილი “Facebook”-ის საკუთარ გვერდზე.