-
2015-06-16 23:53
"ტაბულის" დირექტორი და დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქით" ეხმიანება საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის ბოლოდროინდელი განცხადებების შინაარსს და პატრიარქისადმი დამოკიდებულების რამდენიმე წლის წინანდელ და ახლანდელ პარალელზე საუბრობს.
,,პატრიარქს არ ვიცნობ. მიუხდავად იმისა, რომ მაინტერესებს გაცნობა და გასაუბრება, არასოდეს მიცდია. იმდენი ხალხია ატუზული მის კართან, გადავწყვიტე არ მეცადა მისი შეწუხება.
შესაბამისად, მის შესახებ დასკვნები ან სხვისი მონათხრობიდან, ან საკუთრივ მისი განცხადებებიდან გამომაქვს.
წლების მანძილზე ვფიქრობდი, რომ ბალანსის დაცვა და ბეწვის ხიდზე სიარული შეუძლია - ხშირად ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს (კანონის წინაშე თანასწორობას, რწმენის და გამოხატვის თავისუფლებას და ა. შ.), რამაც საბოლოო ჯამში ხალხს კეთილდღეობა უნდა მოუტანოს, მაგრამ ამას ისე აკეთებს, რომ მხოლოდ ერთი მუჭა ადამიანები შფოთავენ, ხალხი წყნარადაა.
ჰოდა ბოლო პერიოდია რაღაც ხდება:
ჯერ იყო და უშვილო დედები გააბრაზა, მერე გაჭირვებულ მრევლს უთხრა, ხიზილალაზე ხსნილიაო, მერე სამუშაოდ გადახვეწილ ქალებს დასდო უსაქმურობაში ბრალი, ახლა სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიაზე თქვა, ღმერთმა დაგსაჯათ კომუნისტების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვისო.
ნათლად ვხედავ, როგორ ბრაზობს მასზე ის ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ სამი წლის წინ, პატრიარქის სრულიად კორექტული კრიტიკის გამო მიწყრებოდა.
შემისწორეთ, თუ ვცდები.", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.