-
2015-06-08 07:46
რეჟისორი ქეთი დოლიძე მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე ემიგრანტების რეაქციას ეხმიანება და განმარტავს, რომ სტატუსი ემიგრანტებისადმი უდიდესი პატივისცემით დაწერა.
შეგახსენებთ, ქეთი დოლიძე წერდა, რომ ემიგრანტი მხოლოდ ისაა, ვინც პოლტიკური წყობის შეცვლის გამო მიდის ქვეყნიდან, ხოლო თავისი ნებით წასულს არ შეიძლება ემიგრანტი ეწოდოს. ამასთან, ქეთი დოლიძე ყველა იმ ემიგრანტს, „ვისაც მიშა ენატრება“, მოუწოდებდა, ოდესაში ჩასულიყვნენ. სტატუსს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ქართველი ემიგრანტებისგან და არამარტო მათგან, რის შემდეგაც ქეთი დოლიძე ახალ სტატუსს აქვეყნებს:
„კიდევ ერთხელ განვმარტავ! უდიდესი პატივისცემით დავწერე სტატუსი ემიგრანტებზე! რა ამბავი ატეხეთ? კითხვა არ იცით? 25 -ამდე ნათესავი და მეგობარია, პირადად ჩემი წასული საზღვარგარეთ. იმათ რატომ არაფერი ეწყინათ! მე ვარ ის ადამიანი, ვინც დიდი სიყვარულით წასული ადამიანებისადმი დავდგი ძალიან წარმატებული სპექტაკლი "დილა მშვიდობისა, 100 დოლარიანო". პარიზში, დარბაზში ტევა არ იყო. ხალხი თან იცინოდა, თან ტიროდა. ჩემოდანი გვინდა ჩავაწყოთ და დავბრუნდეთო!
ეს სპექტაკლი სიყვარულის ახსნაა ყველა წასული ადამიანის მიმართ! ასე რომ, დაოკდით! ჩემი ორი ფრაზა ოდესის შესახებ კი ეკუთვნის მხოლოდ იმ "ემიგრანტებს" რომლებიც მრავალი წელია ლანძღვა- გინებით მიკლებენ! სწორედ მიშაზე უგონოდ შეყვარებულები! ეს არის და ეს! ჩემს თავსაც და ჩემს ქვეყანასაც ვუსურვებ კარგი და კეთილი ადამიანების ჩქარა დაბრუნებას!!!"- წერს დოლიძე.