
ტელეკომპანია ჯიდიესის გადაცემის "კვირის 2030" წამყვანი არჩილ გამზარდია გადაცემიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქში" ეხმიანება და აცხადებს, რომ გადაცემის დატოვებაზე ფიქრობს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
„მეგობრებო, რადგან აჟიოტაჟია ამტყდარი ჩემი "კვირის 2030"-იდან წამოსვლა-არ წამოსვლის შესახებ, ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბოლო ხანები, გარკვეული გარემოებების გამო, მართლაც ვფიქრობ გადაცემის დატოვებას, თუმცა, ხაზგასმით მინდა შევნიშნო, რომ ეს გარემოებები ბიძინა ივანიშვილს არ უკავშირდება (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით).
დავტოვებ გადაცემას თუ გავაგრძელებ, საბოლოო გადაწყვეტილებას აუცილებლად გამცნობთ“, - წერს გამზარდია „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ზაფხულში გადაცემა "კვირის 2030"-ის განახლება იგეგმება.