
ნიკა რურუა "ახალი სახის" შესახებ კლიშეს ლოგიკურ მსჯელობას უპირისპირებს და წერს, რომ თუ ახალ სახეს ფასეულობათა მთელი რიგი არ გააჩნია, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს.
"მსურს ორიოდ სიტყვა ვთქვა კარგა მაგრად გავრცელებულ კლიშეზე "ახალი სახე", რომელსაც პოლიტიკოსები თუ კომენტატორ/ექსპერტები წარა-მარა ითხოვენ უაპელაციოდ, როგორც რაღაც ცალსახად პოზიტიურ რამეს.
ეს სულ მთლად ასე არ არის: თავისთავად ახალი სახე - თუ მას არ გააჩნია კომპეტენცია, გამოცდილება, კეთილგონიერება, სიმტკიცე, ხედვა, გამბედაობა - არანაირი ღირებულება არაა. ასეთი "ახალი სახეები" მრავლადაა ივანიშვილის 20/30-ში, და მათი ღირებულებების შეფასება თქვენთვის მომინდია.
სინამდვილეში, რაც არის საჭირო, ესაა არა "ახალი სახე", არამედ ახალი იდეები, ახალი მიდგომები, ახალი აზრები, რაც შეიძლება ჰქონდეს როგორც პოლიტიკაში ახალბედას ან პოლიტიკაში გამობრძედილ ადამიანს. საქმეც ესაა, რომ ამ არსებით დეტალს (ჯერჯერობით) ბევრი ვერ აცნობიერებს და არ უსვამს ხაზს, ვინც გაუმართლებლად ნერგავს ცრუ სტერეოტიპს "ახალი სახის" პოზიტიურობის შესახებ.
ახალი კარგია კარტოფილი, მწვანილი, კიტრი და პომიდორი. პურიც და ზოგი სახეობის ყველი.
P.S. ზემოთთქმული კრიტიკული აზროვნების გამოყენებით გაკეთებული ელემენტარული, ლოგიკური დასკვნაა. ამიტომაც გვჭირდება კრიტიკული აზროვნების სწავლა, როგორც ვისწავლეთ წერა კითხვა, თვლა, მიმატება, გამოკლება და გამრავლება. ეს ასეთივე ფუნდამენტური დისციპლინაა", - წერს ნიკა რურუა.