
2004-2013წ.წ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ „ევროვიზია-2015“-ზე ნინა სუბლატი „ძალიან მაგარი“ იყო, ხოლო საქართველოსთვის მიცემული დაბალი ქულები კი „ქვეყნის საერთო გაბანძების“ შედეგად მიაჩნია.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ევროვიზიის ფინალის დასრულებისთანავე, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:
„ნინა სუბლატი იყო ძალიან მაგარი, თუმცა საქართველომ მიიღო მხოლოდ 50 ქულა - ყველაზე დაბალი ქულა რომელიც ოდესმე მიგვიღია ფინალში და პირველად - არცერთი უმაღლესი შეფასება. ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის საერთო გაბანძების და საერთაშორისო პოზიციების გაუარესებისა.
ამ გაუარესების ნეგატიური რეზულტატი კი თითოეულ მოქალაქეს შეეხო ორი დღის წინ, რიგაში, როცა უარი გვითხრეს უვიზო მიმოსვლის მოცემაზე.
ზუსტად ვიცი, რომ ეს დროებითია და სულ მალე ჩვენს პოზიციებს აღვიდგენთ!“.
შეგახსენებთ, ევროვიზიის ფინალში საქართველომ 12 ქულა ვერცერთი ქვეყნისგან ვერ მიიღო, მას 10-10 ქულა მხოლოდ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მისცეს. ამ ორი ქვეყნის გარდა, საქართველომ სხვა ქვეყნებისგან შემდეგი ქულები მიიღო: ლიტვა-6, რუსეთი-5, მოლდოვა - 5, ჩეხეთი-4, უნგრეთი-3, ბელორუსი - 3, საბერძნეთი - 2, ბელგია -1, ავსტრალია - 1, ესტონეთი-1, სულ - 51 ქულა და მე-11 ადგილი.
რაც შეეხება საქართველოდან გაცემულ ხმებს, საქართველოდან 8 ქულა იტალიას, 10 ქულა აზერბაიჯანს და 12 ქულა სომხეთს მისცა.
გამარჯვებულმა შვედეთმა 365 ქულა მიიღო და 62 ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ რუსეთს, ხოლო რუსეთმა, თავის მხრივ, მესამე ადგილზე გასულ იტალიას სულ 11 ქულით მოუგო.
საქართველო "ევროვიზიის"კონკურსზე 2007 წლიდან მონაწილეობს, 8 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წარმატებას ჯგუფმა Eldrine-მა სიმღერით "One More Day" მიაღწია: 2011 წელს საქართველომ მე-9 ადგილი აიღო. წლევანდელი სეზონი პირველი იყო მონაწილეობის განმავლობაში, როცა საქართველოს არცერთი უმაღლესი შეფასება არ მიუღია.