
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის ნაულ ჯანაშიას გარდაცვალების გამო და მის თვისებებს იხსენებს.
„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი წერს:
„ნაულ ჯანაშია იყო პარლამენტის წევრი მარტვილის მაჟორიტარული ოლქიდან. როცა 2012 წელს თითქმის ყველა მაჟორიტარმა გაქუსლა პირველ ადგილზე გასულ პარტიაში, მას ფეხი არ მოუცვლია. ახალმა მთავრობამ ვინ არ გაუგზავნა მას პოლიციით და საგადასახადოთი დაწყებული და ზოგიერთი ღვთისმსახურით დამთავრებული, რათა გადაერწმუნებინათ, მაგრამ ის ყოველთვის მშვიდი და ღირსეული უარით პასუხობდა.
ეს იყო ძალიან კეთილშობილი, ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მიზნად სიკეთის თესვა ჰქონდა ქცეული. მის მიერ გაკეთებული სიკეთე კიდევ ძალიან დიდხანს გაგვინათებს გზას“.
შეგახსენებთ, ნაულ ჯანაშია ავადმყოფობის შედეგად, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.