
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია პატრიარქმა დაიბარა, საპატრიარქო გამოეხმაურა.
„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას „მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო", რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია.
ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში, ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა.
ვიღაცას კი ძალიან სურს სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს.
სხვათა შორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეისბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების „სიმართლე‘“ მისი კი - არა“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.