ამონარიდი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან 2005 წლის 29 დეკემბერს, როცა მან ხელი მოაწერა "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ". სხვაგვარად ამ კანონს "კანონიერი ქურდების" საწინააღმდეგო კანონიც უწოდეს:
ბოლო წლების განმავლობაში, ვარდების რევოლუციამდე, ქურდებს ქართულ საზოგადოებაშიც დომინანტური მდგომარეობა ეკავათ. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა - პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელობა, ქურდებთან იყო შეკრული. რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი, რომლის სახელიც მთელმა საქართველომ იცის, პრაქტიკულად საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, განკარგულებებს იძლეოდა.
ჩვენ ვიღებთ ძალიან მკაცრ კანონს, რომელიც საშუალებას იძლევა დაადგინოს ამ ხალხის ვინაობა, ჩამოართვას ქონება და გადასცეს სახელმწიფოს. ეს კანონი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები დაიშალოს იმისათვის, რომ მათი ხელმძღვანელობით ბიზნესში ჩარევა და მკვლელობები აღარ მოხდეს. ჩვენი მიზანია მათი ფინანსური ბაზის მოშლა.
... საქართველოს ციხეებში წესრიგი უნდა დავამყაროთ. აქამდე ციხეებს ქურდები მართავდნენ. პრივილეგირებული პატიმრები თავს კარგად გრძნობენ და როგორც სასტუმროში, ისე ცხოვრობენ. ციხის საავადმყოფოებში მათ ცალკე ნომრები აქვთ, საიდანაც სხვადასხვა კერძს უკვეთავენ და მობილური ტელეფონით ინტერვიუებს "არიგებენ".
დღეს ხელს ვაწერ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, მომავალ წელს თბილისში ახალი, სამი ათას ადგილიანი იზოლატორი და საპატიმრო ერთი წლის ვადაში აშენდება. ყველა კრიმინალური ავტორიტეტი იზოლირებული იქნება. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ იმას, რომ მათ გარე სამყაროსთან კავშირი არ ჰქონდეთ.
ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ციხეებში ნარკოტიკებით ვაჭრობა დამთავრდეს, ამისათვის კი, მკაცრი ზომების გატარება და ევროპული ნორმების შემოღება მოგვიწევს. ჩვენს ციხეებში ქურდების "ბოგინს" ბოლო მოეღება. დღეს კი ჩვენი ციხეები კრიმინალებისა და ორგანიზებული დანაშაულის მართვის ცენტრად არის გადაქცეული.
თუ ციხეებში წესრიგი დამყარდება, ქურდობისა და ძარცვის ფაქტები საგრძნობლად შემცირდება. მსურს მადლობა მოვახსენო საქართველოს პარლამენტს და მის უმრავლესობას, რადგან დიდი ლობირების მიუხედავად, მათ ამ კანონის მისაღებად გამბედაობა ეყოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოხმაურება ექნება და რაც მთავარია, მის ამოქმედებას დიდი შედეგები მოყვება. ამის უზრუნველყოფას შინაგან საქმეთა მინისტრს და გენერალურ პროკურორს ვავალებ".
ხელისუფლებამ "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო. მათ მიერ გატარებული ზომები მოიცავდა: საკუთრების ქონფისკაციას, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებას, ციხეების და პოლიციის რეფორმას. 2005 წლიდან, „ქურდული სამყაროსადმი“ კუთვნილება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. თავად „კანონიერი ქურდის“ წოდება კი დანაშაულის ნიშნად ითვლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2005-2006 წლებში 50-ზე მეტი კანონიერი ქურდი დააკავეს. მათ შორის: მერაბ ჭეიშვილი, მეტსახელად "ჟორჟიკიჩა", ლევან დეკანაძე, მეტსახელად "ბაჭია", ბადრი ბარკალაია, მეტსახელად "ვახტანგი", ალექსანდრე სანაძე, მეტსახელად "საშკა", გიორგი ღოღელიანი - მეტსახელად "ნიკალა", დავით ქიტიაშვილი, მეტსახელად "შვეიკა". შსს-ს მიერ ჩატარებული ყველაზე ხმაურიანი ოპერაცია, რომელიც სამართალდამცველებმა "ჭრელ აბანოებში" ჩაატარეს, დავით ქურასბედიანის, მეტსახელად "წრიპას" დაკავება იყო.
ქართველმა სამართალდამცველებმა უკრაინიდან ჩამოიყვანეს ტარიელ ფოცხვერია, რომელიც "შავ სამყაროში" ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კრიმინალი იყო.
"კანონიერი ქურდობისთვის" გაასამართლეს ავტორიტეტული კრიმინალი თენგიზ ხოფერია, მეტსახელად "ჭინკა".
საპატიმრო დაწესებულებებში "ქურდული მმართველობის" ნგრევის მისია ხელისუფლებამ ბაჩო ახალაიას დააკისრა, რომელიც 2005 წლის 22 დეკემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელობამ ავტორიტეტულ კრიმინალთა დიდი ნაწილი დახურული რეჟიმის საპყრობილეში გადაიყვანა. პატიმრები "კანონიერი ქურდის", ე.წ. მაყურებლის გარეშე აღმოჩნდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ საპყრობილეში ხელისუფლების კანონიერი რეჟიმი დამყარდა.
„დღეს ჩვენს ციხეს აღარ მართავს კანონიერი ქურდი და დღეს დანაშაული აღარ იმართება ციხიდან. აი, ამ კაცმა გააკეთა ეს. მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და ეს ვერ გავაკეთე, მან კი ეს ძალიან მკაცრი ზომების გატარების ხარჯზე განახორციელა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა სააკშვილმა 2009 წლის 27 აგვისტოს, ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნისას.
„კანონიერ ქურდებს“ დაუსაბუთებელი ქონებაც ჩამოართვეს. "კანონიერი ქურდების" გაიოზ და გია კვარაცხელიებისთვის, გაიოზ ზვიადაძისთვის, გიორგი გოგოლაძისთვის, თენგიზ ხოფერიასთვის, ტარიელ ფოცხვერიასთვის და სხვებისთვის ჩამორთმეულ საცხოვრებელ სახლებში პოლიციის შენობები გაიხსნა, რომლებიც "ქურდულ სამყაროსთან" გამოცხადებული ბრძოლის გამო სიმბოლურად წითლად გადაღებეს.
სამართალდამცველებმა ნარკოკარტელის საქმეში დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორობის ბრალდებით დაუსწრებლად გასამართლეს "კრიმინალური ავტორიტეტი" შაქრო კალაშოვი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული და რუსული მაფიის ლიდერი, ცნობილი "კანონიერი ქურდი", შაქრო კალაშოვი დამნაშავედ ცნო და მას 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამართალდამცველებმა შაქრო კალაშოვს წყნეთში, 30 მილიონ დოლარად შეფასებული სახლიც ჩამოართვეს.
2007 წლის მარტში პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისში პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გამოაცხადა, რომ „დანაშაულებრივი სამყაროს თავკაცების სისტემის ხერხემალი გატეხილია" და "პატარა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა შეძლო იმის გაკეთება, რასაც თავად სტალინიც ვერ მოერია.“
იმ დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, საქართველოში „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი პოპულარული აღარ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხა მოხდა.
2012 წელს გამოქვეყნებული მანანა ვარდიაშვილის სტატიის მიხედვით