
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ რომეო საჯაია, სალი მახარაშვილი, კობა ნაროუშვილი, ბონდო თიღოშვილი, ლევან კვარაცხელია, დიმიტრი საჯაია დააკავა. დაკავებულია ასევე "ტაბულას" ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე.
აქცია ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შეწყვეტის მოთხოვნით "ფეისბუქზე" დაანონსდა. მასში ანი ნადარეიშვილი, "თავისუფალი ზონის" წევრები, რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
"ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუქზე" დაადასტურა, რომ "ტაბულას" ფოტოგრაფია დაკავებული:
"როგორც ირკვევა, ღარიბაშვილის სახლის წინ აქციაზე დააკავეს ტაბულას ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე. გირჩევნიათ ძალიან მალე გამოუშვათ და თითი არ ჰქონდეს ნახლები. დანარჩენი მერე".
მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებს გამვლელები დაუპირისპირდნენ, ანუ, მათი მხრიდან შეურაცხყოფელ გამოთქმებს აქციის მონაწილეთა რეაქცია და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რის შემდეგაც საქმეში პოლიციელები ჩაერივნენ, თუმცა, აქციის ორგანიზატორმა ანი ნადარეიშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა, მისი მტკიცებით, პოლიციელის ფოტო, რომელიც აქციაზე პროვოკატორებს შემოუძღვა.
"თვითონ პოლიციამ მოახდინა დღეს პროვოკაცია. მოიყვანა პროვოკატორები ხელჩაკიდებულები. ყველამ დაინახა ეს. გადაღებულია ფოტო და ვიდეო მასალა. შემოუშვეს ისინი საგინებლად და პროვოკაციისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ყველას, რომ არ წამოგებოდნენ პროვოკაციას, ვინაიდან ზუსტად ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთი იდგა ადამიანი და იგინებოდა. ვეხვეწვებოდი პოლიციელებს, რომ დაეკავებინათ, რადგან ადამიანებს ჩვეულებრივი ინსტიქტი აქვთ, რომ შეიძლება ვერ მოითმინოს ზოგიერთმა, მით უმეტეს მამაკაცმა, როდესაც მის გვერდზე ქალს აგინებენ.
ვეუბნებოდი დაეკავებინათ და ზურგს მაქცევდნენ პოლიციელები. ეს არის მართული პროვოკაცია პოლიციელების მიერ ჭიკაიძის მხრიდან, რომ დაანახოს თავის ფაშას, რა მაგარი ტიპია...", - განუცხადა ანი ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "საქართველო ჰაკიმ ფაშას გარეშე". ასევე, თან ჰქონდათ პლაკატები, ლოზუნგით "ჩაეხსენი სასამართლოს", "ჰაკიმ ფაშა, შენ ხარ სენი, დაგვეხსენი", "ჩვენ გვასამართლებენ მკვლელები, ყაჩაღები, კრიმინალები" და სხვ.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად მოსეშვილის ქუჩის დასაწყისში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გაემართნენ ირაკლი ღარიბაშვილის სახლისკენ.