
თბილისში ტერორისტული აქტის მცდელობისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქის ვოვა არუთინოვის შეწყალება დღის წესრიგში არ დგას და არც განიხილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა.
როგორც პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, ვოვა არუთინოვის შეწყალების საკითხი დღის წესრიგში არც კი დამდგარა.
შეგახსენებთ, რომ ვოვა არუთინოვი 2005 წლის 20 ივლისს დააკავეს. სამართალდამცავების ცნობით, 2005 წლის 10 მაისს ვოვა არუთინოვი ტერაქტის მოწყობით თბილისში ჩამოსული აშშ–ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მოკვლას აპირებდა.
მისი დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის შედეგადაც დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ზურაბ ქვლივიძე.
ვოვა არუთინოვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.