
პირველ ოქტომბერს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი „კავკასუს ონლაინში“ შევიდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ „კავკასუს ონლაინიდან“ ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, საქმე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ჩანაწერების გავრცელებას ეხება.
წყაროს ინფორმაციით, კრიმინალურმა პოლიციამ კომპანიიდან, საერთო ჯამში, 25 სერვერი ამოიღო.
დიდი ალბათობით, ეს მონაცემები სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად დაერთვება, თუმცა მანამდე ჩანაწერებს, დამნაშავეთა იდენტიფიკაციის მიზნით, ექსპერტიზა უტარდება.
მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა კანონი დამნაშავის ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლების შესაძლებლობასაც იძლევა.
სანამ გამოძიება ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ის ინტერნეტსაიტები, სადაც ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეოები აიტვირთა.
MYDISK.GE; ALLSHARES.GE და SVIDEO.GE – „კავკასუს ონლაინიდან“ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სწორედ ზემოხსენებულ საიტებზე იტვირთებოდა ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ვიდეომასალა. ამჟამად, სამივე ეს საიტი გათიშულია კრიმინალური პოლიციის მიერ.
თებერვალში საქართველოს ინტერპოლის ბიუროს აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტი დაუკავშირდა და სხვადასხვა პორნოსაიტებზე არასრულწლოვანი გოგონას პორნოგრაფიული ვიდეოები და ფოტოები აჩვენა.
გამომდინარე იქიდან, რომ გოგონა კავკასიური აღნაგობის გახლდათ, ამერიკული მხარე ვარაუდობდა, რომ ის შესაძლოა, ქართველი ყოფილიყო. სწორედ ამ მიზნით მოხდა საქმეში ქართველი სამართალდამცველების ჩართვა და როგორც გაირკვა, არცთუ უსაფუძვლოდ. არასრულწლოვნის იდენტიფიცირების შედეგად დადგინდა, რომ ის ნამდვილად საქართველოს მოქალაქეა, სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოგადაღება კი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში წარმოებდა.
ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელი, ალექსანდრე არაყიშვილი:
- ამ საქმეში გვეხმარებოდა ამერიკის სპეცსამსახური, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა გამოძიება. გამოძიებაში ჩაერთო ავსტრალიაც, რომელთაც, თავის მხრივ, ამ საქმეზე გარკვეული ინფორმაციები ჰქონდათ. ამასთანავე, გამოძიებას შემოუერთდა ისრაელი, რადგან აღნიშნული სურათები ინტერნეტსივრცეში იტვირთებოდა „აიპი“ მისამართიდან, რომელიც ისრაელში გახლდათ რეგისტრირებული.
ეს იყო პირველი და შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო შემთხვევა. აქამდე ჩვენთან ასეთი დანაშაული არ გამოვლენილა. ყველაზე საოცრება ის იყო, რომ ეს დანაშაული სათავეს იღებს 2011 წლიდან, ანუ ეს ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის ქვეშ 9 წლიდან იმყოფებოდა.
როდესაც ეს მასალები ამოვიღეთ, გაირკვა, რომ ის პიროვნება (ისრაელის მოქალაქე) ამ მასალას სხვადასხვა ქვეყნებში ყიდდა. ყველა ამ ქვეყანაში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს საქმეში ჩართული სხვა პირების იდენტიფიკაცია.
ჩვენი ებრაელი კოლეგები, თავის მხრივ, გამოძიებას აგრძელებენ, ვინაიდან პორნოგრაფიული მასალის რეალიზაცია უშუალოდ ისრაელიდან ხდებოდა.
დანაშაული მთლიანად თბილისში ხდებოდა, ძირითადად სასტუმროში. როდესაც ებრაელი ეჭვმიტანილი საქართველოში ჩამოდიოდა, მას სასტუმროში მიჰყავდა ეს ბავშვი და იქ ახდენდა გადაღებას. თუმცა, როდესაც ის ებრაელი აქ არ იყო, დედა საკუთარ სახლში უღებდა არასრულწლოვანს პორნოგრაფიულ მასალას და უგზავნიდა.
აქ არ იყო რაღაც კოლოსალურ თანხაზე საუბარი. ამ ქალის შემოსავალი იყო თვეში 100-დან 200 დოლარამდე, რომელსაც ებრაელი უგზავნიდა. თავად ეს მამაკაცი რამდენს იღებდა, ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ წინმსწრები ინფორმაციით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ ასეთ ფოტოს დაახლოებით 50 დოლარად ყიდდა, ვიდეოებს – უფრო ძვირად.