-
2014-10-10 18:45
ოზურგეთში სადისტურად მოკლული ნატალია ბეჟანიშვილის მხოლოდ თავის ქალასა და ძვლების ნარჩენებს ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის მიაბარეს მიწას.
შემზარავი ტრაგედია გასულ კვირას, სოფელ დვაბზუში მოხდა.
40 წლის თემურ რამიშვილმა მეუღლე, ორი შვილის დედა, 29 წლის ნატალია, ეჭვიანობის ნიადაგზე ნაჯახის თავში ჩარტყმით მოკლა. ამის შემდეგ სახლს ბენზინი მიასხა და იქაურობას ცეცხლი წაუკიდა. გარდაცვლილი იმ საწოლში ჩაიფერფლა, სადაც ქმარმა სადისტურად მოკლა.
თემურ რამიშვილი იმავე დღეს დააკავეს. მას მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალი უკვე წაუყენეს. იგი დანაშაულს აღიარებს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი - სისხლიანი ნაჯახი.
თემურს და ნატალიას 7 წლის გოგონა და 4 წლის ვაჟი ჰყავთ. იმ დღეს გოგონა თურმე სკოლიდან ახალი მოსული იყო, ის ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, როცა თემურმა ცოლი მოკლა.
ქეთევან ხიდაშელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი:
- ჩვენი ოფისი სწორედ ამ სოფელშია და ვმუშაობთ ძალადობის ფაქტებზე. მეზობლებიც ადასტურებენ, რომ თემური ხშირად სცემდა ცოლს. 7-8- ჯერ გამოიძახეს თურმე ამ ოჯახში პოლიცია, მაგრამ ხედავთ შედეგს. მკვლელობის შემდეგ დამნაშავე ცეცხლმოკიდებული სახლის წინ თურმე მშვიდად იდგა და იძახდა, ღირსი იყო, რაც ეკუთვნოდა ის მიიღოო.
თან ხელში ეჭირა თავისი უმცროსი ბიჭი და ბავშვსაც აყურებინა, როგორ იწვოდა მათი სახლი. პატარა ბიჭი ამბობს, დედა საწოლზე იწვა და თავში ნაჯახი ჰქონდა ჩარჭობილიო.
მომხდარი სოფელ დვაბზუში ოჯახური ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და ქმრები ხშირად უსწორდებიან ცოლებს სადისტურად...
gzapress.ge