
ამ წუთებში ხმაურია პეკინის ქუჩაზე მდებარე "თავისუფალი ზონის" ოფისთან, სადაც ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ ახლადშექმნილი "თავისუფალი თაობის" წევრები. პოლიციამ "თავისუფალი თაობის" რამდენიმე წევრი დააკავა.
როგორც ცნობილი გახდა, დაკავებული არიან ორგანიზაციის წევრები ანა გელოვანი და ვალერი დუმბაძე. დაპირისპირება ოფისთან ამ დრომდე გრძელდება.
აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პორტალმა correspondent.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტალის დამფუძნებელს ზაზა სვანაძეს "თავისუფალი ზონის" დაცვის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერის წართმევას უპირებდნენ, ეუბნებოდნენ რა, რომ "კორესპონდენტი" არარსებული სააგენტოა.
"თავისუფალ ზონაში" ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ზაზა სვანაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ: "როცა ის უნებართვოდ შემოიჭრა ოფისში, მისი დატოვება ვთხოვე, რასაც არ დაემორჩილა. ამის შემდეგ დაცვას მივმართე და მან გაიყვანა", - უთხრა "აფხაზეთის ხმას" "თავისუფალი ზონის" წევრმა.