
მომღერლის თქმით, მისი მშობლების და ბერას ბებია-ბაბუის ოჯახი დიდი ხანია ახლობლობდნენ.
„ბერას ბებია და ბაბუა, ეკას მშობლები - დეიდა ლუდა და ბიძია ფედია, ძალიან ახლოს იყვნენ ჩემს მშობლებთან.
ჩემი და, სოფიკო და ეკას უფროსი და, ირმა, ერთად მივიდნენ სკოლაში – ნული კლასიდან ერთად ისწავლეს სკოლის დამთავრებამდე, რამაც უფრო შეაკავშირა ჩვენი ოჯახები.
მაშინ ეკა პატარა გოგო იყო, ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით. შესაბამისად, ახლო, მეგობრულ-ნათესაური კავშირი გვქონდა.
ქალბატონი ლუდა არ იყო ქართველი. უკრაინული წარმოშობის ქალს საოცრად უყვარდა საქართველო. რომ გენახათ, როგორ საუბრობდა ქართულად, როგორი სიყვარული, მოფერება, მასპინძლობა იცოდა, ცრემლი მოგადგებოდათ.
დეიდა ლუდას არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა თავის სიძესთან, პატივს სცემდა და აფასებდა.
ჩემთვის მამაკაცის შეფასებისას, მისი მთავარი განმსაზღვრელია მისი დამოკიდებულება ოჯახთან, ქალთან.
იმ პერიოდიდან, როცა ახლოს გავიცანი ივანიშვილების ოჯახი და თავად ბიძინა ივანიშვილი, მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, დიდ პატივისცემას იმსახურებდა და დღემდე ასე ვარ.
ბერა თბილისში მოვნათლე. ტრადიციული ნათლობა იყო, ქართული სუფრით, სტუმრებით.
ჩემმა დამ სოფიკომ მითხრა, ეკას და ბიძინას ძალიან უნდათ, რომ ბერა მონათლოო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
ეს იყო დაახლოებით 17 წლის წინ. ბერა ძალიან პატარა იყო. დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ეს კარგი, თბილი ოჯახი, სადაც ძალიან უყვარდათ სტუმარი. მეც და ჩემი ოჯახიც ჭორვილაში ივანიშვილების სასურველი სტუმრები ვიყავით.
არ დამავიწყდება ქალბატონი ციცინოს, ბიძინას არაჩვეულებრივი დედის მასპინძლობა ჭორვილაში. სულ უნდოდა თვითონ ეფუსფუსა. თავისი ხელით დამზადებულ გემრიელობებს გვთავაზობდა სტუმრებს“, - იხსენებს თამარ ჭოხონელიძე.
„თბილისელები“