
"აფხაზეთის ხმისთვის" ცნობილი გახდა, რომ თბილისში, იუსტიციის სახლის წინ არსებულ მონუმენტს ღამის საათებში, დაუდგენელმა პირებმა წითელი საღებავი გადაასხეს. დილის შვიდი საათისთვის მონუმენტზე საღებავის კვალი გადარეცხილი იყო, მაგრამ იგი აჩნდა ბალახს, საძირკველის ირგვლივ.
მონუმენტზე იმ პირთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული, ვინც პოლიციის მოქმედებას ემსხვერპლა 2004-2012 წლებში. მათ შორის არიან ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი კრიმინალებად მიიჩნევს.
მონუმენტი იუსტიციის სახლის წინ 2013 წელს დადგეს. ნაწილი ამ მონუმენტს 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალს უწოდებს. სკულპტურის გახსნისას სიტყვა წარმოთქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
რამდენიმე დღის შემდეგ კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიესალმება ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სახელებს მემორიალზე, რადგან „ეს ადამიანები იყვნენ კანონიერი ქურდის ჯეკო მამოიანის დაჯგუფების წევრები, ხოლო ალექსანდრე ხუბულოვი რუსთავის N5 დაწესებულების „მაყურებელი” იყო”.
მემორიალის გახსნას მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა: „როცა თბილისის ცენტრში კრიმინალურ ავტორიტეტს ძეგლს უდგამ, ეს პოლიციელებისთვის ძალიან ცუდი გზავნილია”, - თქვა მან.